საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე უდიდესი ალბათობით კვლავ ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს.
როგორც ბელგიური მედია იუწყება, 20 წლის ფორვარდს ფრანგული "მეცი" ისევ განათხოვრებს და იმ გუნდში გაუშვებს, რომლის მაისურსაც წინა სეზონში ირგებდა, თუმცა, ამჯერად "სერენი" არა ბელგიის რანგით მეორე, არამედ უმაღლეს დივიზიონში თამაშობს და ეს მეტწილად სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა. იგი წინა სეზონში გუნდის და მთლიანად ბელგიის მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იუპილერ ლიგაში დასაწინაურებელპლეი-ოფში გადამწყვეტი გოლიც თავად გაიტანა.
2021/22 წლების სეზონის წინ, მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში დაბრუნდა და ლიგა 1-ში მოქმედი ჩემპიონი "ლილის" წინააღმდეგ ფრედ (3:3) დასრულებულ შეხვედრაში მოედანზე 5 წუთიც გაატარა, თუმცა მეორე ტურში "ნანტის" წინააღმდეგ სათადარიგიოთა სკამზე დარჩა, აი 22 აგვისტოს "რეიმსთან" საშინაო შეხვედრისთვის კი საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხდა.
ბელგიური წყაროს ინფორმაციით, მიქაუტაძეს "სერენში" უკვე ელიან და იგი გუნდს მალე შეუერთდება.
"სერენს" ბელგიის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვილი და მეცხრე პოზიციას იკავებს.
წინა სეზონში, საქართველოს ეროვნული გუნდის ახალწვეულმა "სერენის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებში უკვე ჩატარებულ სამ მატჩში 1 გოლის გატანაც შეძლო.