Belive

[მიმოხილვა] ევროტურნირების მესამე ეტაპი დასრულდა: პლეი-ოფებში 17 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
11 აგვისტოს უეფას რანგით მეორე და მესამე ტურნირებზე, შესაბამისად ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა და პლეი-ოფებში გასული გუნდები გაირკვა. ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ლეგიონერებმაც, რომელთათვისაც სათამაშო დღე მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებულად კარგი მატჩი გამოუვიდა ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც "მოლ ფეჰერვარის" ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 62 წუთი გაატარა და მისი დუბლით უნგრულმა კლუბმა მოლდოვურ "პეტროკუბს" სტუმრად - 2:1 სძლია, ორი მატჩის ჯამში კი 7:1 იმარჯვა და პლეი-ოფში გავიდა. ბუდუს აქტივში ახლადდაწყებულ სეზონში 6 მატჩში 6 გოლია და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს (5 გოლი). პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა პორტუგალიურმა "ჟილ ვისენტემაც", რომელმაც ლატვიურ "რიგას" შინ - 4:0 აჯობა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიშით 5:1 შემდეგ ეტაპზე გავიდა. მოედანზე 68-ე წუთზე შემოვიდა პორტუგალიური კლუბისა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია. პირველ შეხვედრაში ისლანდიურ "ვიკინგურთან" სტუმრად - 0:1 წაგების შემდეგ, პოზნანის "ლეხმა" საშინაო კედლებში - 2:1 იმარჯვა, ხოლო დამატებით ტაიმებში მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. პლეი-ოფში გასული გუნდის რიგებში თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ჯგუფურ ეტაპამდე უკვე 1 ნაბიჯი აშორებს ვაკო გვილიას "რაკუვს", რომელმაც სტუმრად სლოვაკური "ტრნავას" - 2:0 დამარცხების შემდეგ, საშინაო კედლებშიც მშრალი ანგარიშით - 1:0 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 88-ე წუთამდე ითამაშა. პლეი-ოფში კვიპროსული "აპოელიც" ითამაშებს, რომლის მაისურსაც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და ლაშა დვალი ირგებენ. ყაზახური "ყიზილჟარის" წინააღმდეგ, რომლის რიგებშიც გიორგი ივანიაძე და ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობენ, არცერთ ქართველს უთამაშია, გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს და აღდგენით პროცესს გადის, ლაშა დვალი ჯერ გუნდის განაცხადში არ მოხვედრილა, ხოლო მურთაზ დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. გიორგი ივანიაძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ლობჯანიძემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი მინიმალური სხვაობით - 1:0 შემდეგ ეტაპზე კვიპროსული გუნდი გავიდა. საშინაო კედლებში მოპოვებული გამარჯვების - 2:1 შემდეგ, სოლომონ კვირკველიას და ვატო არველაძის ბაქოს "ნეფთჩიმ" ვენის "რაპიდთან" სტუმრად ძირითად დროში - 0:1 წააგო, დამატებით დროში კი კიდევ ერთი გოლი გაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 118 წუთი გაატარა, ხოლო ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც გუნდის ახალწვეულია, განაცხადში არ ყოფილა. დრამატული გამოდგა უეფას ევროპა ლიგის შეხვედრა, რომელშიც ბრატისლავის "სლოვანი" პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. პირველი მატჩი გუნდებს შორის ფრედ - 1:1 დასრულდა, რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას რომლის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების სამივე წევრი, ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე იყო, იგი 2:2 დასრულდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ძირითად დროში ანგარიში 94-ე წუთზე, გურამ კაშიას მიერ ანდრე გრინზე გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ გაათანაბრა. დამატებულ ტაიმებს სლოვაკეთის ჩემპიონი კაცნაკლული შეხვდა, ვინაიდან დაცვის ცენტრში გურამ კაშიას მეწყვილე, მენდი აბენა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. დამატებით დროში მონაწილეობა ჯაბა კანკავას აღარ მიუღია, რომელიც ვლადიმირ ვაისმა 90-ე წუთზე შეცვალა. საბოლოოდ, გამარჯვებულის ბედი 11-მეტრიანი დარტყმების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გადამწყვეტი სწორედ გიორგი ჩაკვეტაძის გაცუდებული პენალტი გამოდგა - 22 წლის ქართველს მეკარემ აჯობა. მარცხის მიუხედავად ქართველების გუნდი ევროტურნირებზე ასპარეზობას არ წყვეტს - "სლოვანი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაერთვება.

საბოლოო ჯამში, უეფას ტურნირების პლეი-ოფებში მონაწილეობას 17 ქართველი ფეხბურთელი მიიღებს:


უეფას ჩემპიონთა ლიგა:
  • ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბახი" ჩეხური ვიქტორია "პლზენის" წინააღმდეგ;
  • ირაკლი აზაროვის სერბული "ცრვენა ზვეზდა"  ისრაელის "მაკაბი ჰაიფას" წინააღმდეგ;
  • დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" თურქული "ტრაბზონსპორის" წინააღმდეგ;
ყველა მათგანს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.
უეფას ევროპა ლიგა:
  • გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროში" ირლანდიური "შემროკ როვერსის" წინააღმდეგ;
  • რევაზ ინჯგიას "აპოლონი" ბერძნული "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ;
პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს ტირასპოლის "შერიფიც", რომლის ტექნიკური დირექტორიც ვეტერანი ქართელი ფეხბურთელი, ვაჟა თარხნიშვილია, მისი გუნდი სომხურ "პიუნიკს" დაუპირისპირდება. ყველა მათგანს უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.
უეფას ევროპის კონფერენს ლიგა:
  • ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის "ლეხი" ლუქსემბურგული "დუდელანჟის" წინააღმდეგ;
  • გაგი მარგველაშვილის "შკუპი" კოსოვოს "ბალკანის" წინააღმდეგ;
  • გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის ბრატისლავის "სლოვანი" ბოსნიური "ზრინსკის" წინააღმდეგ;
  • ვაკო გვილიას "რაკუვი" ჩეხური პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ;
  • გიორგი ქვილითაიას, მურთაზ დაუშვილისა და ლაშა დვალის "აპოელი" შვედური "დიურგარდენის" წინააღმდეგ;
  • ბუდუ ზივზივაძის "მოლ ფეჰერვარი" გერმანული "კიოლნის" წინააღმდეგ;
  • გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე" ნიდერლანდური "აზ ალკმაარის" წინააღმდეგ;
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის", ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფში - ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს". ამრიგად შესაძლებელია, რომ ევროტურნირების 2022/23 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 19 ქართველი ფეხბურთელი და მათი გუნდები ვიხილოთ.

სხვა სტატიები