მილანისა და კომოს მატჩი ავსტრალიაში აღარ ჩატარდება
ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელიც თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, ჩაიშალა - მილანისა და კომოს შეხვედრა ავსტრალიაში აღარ გაიმართება. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მილანმა და სერია A-მ ამ იდეის განსახორციელებლად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ხელი AFC-ის (აზიის ფეხბურთის კონფედერაცია) მიერ დაწესებულმა პირობებმა შეუშალა.
არადა, ნაპოლისა და მილანს შორის იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, სერია A-ს პრეზიდენტმა, ეციო სიმონელიმ, განაცხადა, რომ კომოსა და მილანის შეხვედრა 8 თებერვალს პერთში გაიმართებოდა. მეტიც, სიმონელიმ ისიც თქვა, რომ მატჩს აზიელი მსაჯი გაუძღვებოდა.
სერია A-მ და დასავლეთ ავსტრალიის მთავრობამ უკვე ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა მატჩის გაუქმების შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური რისკები იყო. ეციო სიმონელის განცხადებით, მატჩის ჩატარება შეუძლებელი AFC-ის მიერ წაყენებული პირობების გამო გახდა.
სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, მილანი 32 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, კომო კი 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
Milan-Como, niente Perth: salta la partita di Serie A a Australia#SkySport #SkySerieA #SerieA #MilanComohttps://t.co/QWfBM6nTQk
— skysport (@SkySport) December 22, 2025