,,მესიმ 15 წუთში 4 გოლი გაგვიტანა'' - დე ლა ფუენტემ საინტერესო ისტორია გაიხსენა
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ლეო მესისთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ესპანელ სპეციალისტს ტომას ტუხელის მიდგომა შეახსენა, რომელმაც თქვა, რომ მესის წინააღმდეგ პერსონალურ, „კაცი-კაცზე“ მეურვეობის ტაქტიკის გამოყენებას განიხილავდა. თუმცა, გერმანელმა საბოლოოდ ეს იდეა უარყო. ჟურნალისტმა დე ლა ფუენტეს ჰკითხა, აპირებდა თუ არა ესპანეთის ნაკრები მსგავსი სტრატეგიის გამოყენებას ლეოს შესაჩერებლად, რაზეც 65 წლის მწვრთნელმა უპასუხა:
,,მესის შესახებ ძალიან სასაცილო რამეს მოგიყვებით. მე ის მაშინ გავიცანი, როცა სევილიას ახალგაზრდულ გუნდს ვწვრთნიდი და კოპა დელ რეიზე ბარსელონას წინააღმდეგ ვითამაშეთ.
ბარსელონაში რომ ჩავედით, ჩემთვის ნათქვამი ჰქონდათ ერთი ბიჭის შესახებ, რომელსაც მესი ერქვა და ძალიან აქებდნენ. ჰოდა, რა თქმა უნდა, თავიდან მას პერსონალური მეურვე დავუყენეთ.
სამწუხაროდ, 70-ე წუთისთვის, როცა ანგარიში 0:0 იყო, იმ ფეხბურთელმა, რომელიც მესის მეურვეობდა, ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გავიყვანე... 15 წუთში მესიმ 4 გოლი გაგვიტანა.
ნიშნავს ეს იმას, რომ ახლაც პერსონალურ მეურვეს დავუყენებთ? არა. მაგრამ ვიქნებით თუ არა მის მიმართ ძალიან ყურადღებით? დიახ. თუმცა, მათაც მოუწევთ დიდი ყურადღების გამოჩენა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ. დიდ მოთამაშეებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.'' - ლუის დე ლა ფუენტე
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
🇪🇸DE LA FUENTE: "NO LE HAREMOS MARCA PERSONAL A MESSI" 🔟🇦🇷
— Diario Olé (@DiarioOle) July 17, 2026
▶ El Director Técnico de la Selección de España contó una anécdota de cuando conoció a Messi para explicar que no le harán marca personal en la final del domingo pic.twitter.com/xUsufAEfAi