მესი: ,,სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, როგორც ჩემპიონს, თამაშის გაგრძელება მინდა''
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის თქმით, სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.
,,გასაოცარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ვიცოდი, ღმერთი ამის საშუალებას მომცემდა, ამის განცდა მქონდა. ახლა შეგვიძლია, გამარჯვებით ვიმხიარულოთ.
ეს დიდი ხნის ნანატრი თასია და ნახეთ, რა მშვენიერია! ბევრი რამის გავლა მოგვიწია, მაგრამ მოვახერხეთ. მოუთმენლად ველი არგენტინაში დაბრუნებას, წარმომიდგენია, იქ რა სიგიჟე ხდება.
სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ! როგორც ჩემპიონს, თამაშის გაგრძელება მინდა!'' - განაცხადა მესიმ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. ლეო მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა.
MESSI ISN'T DONE WITH THE NATIONAL TEAM JUST YET 🚨 pic.twitter.com/aNpL7JALsW
— ESPN FC (@ESPNFC) December 18, 2022