Belive

მე-20 საუკუნის ქართული ფეხბურთი ალექსანდრე რონდელის თვალით

1 წლის წინ ფეხბურთი
17 წთ

ალექსანდრე რონდელის სახელი ყველასთვის ცნობილია, ვისაც საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გარკვეული შეხება მაინც ჰქონია. იგი ცნობილი პოლიტოლოგი და დიპლომატი გახლდათ, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის.

სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის გარდა, ალექსანდრე რონდელი ფართო ინტერესების მქონე ადამიანი იყო (1942-2015). წლების წინ, ჟურნალში, "ჩემი სამყარო", მისი მოგონებები გამოქვეყნდა და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის ის საინტერესო უნდა იყოს (სტატია ქვეყნდება მცირედი შემოკლებით).

საქართველო ფეხბურთის გარეშე ვერ წარმოგვედგინა, თუმცა დღეს ეს სამწუხარო სინამდვილეა, რომელიც, როგორც ჩანს, დიდხანს გაგრძელდება. 40-50-60-70- და 80-იან წლებში ფეხბურთს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა. როდესაც ვიგონებ გარდასულ წლებს, სინანულის გრძნობა მიპყრობს, რადგან დღევანდელი ახალგაზრდობა ვერ წარმოიდგენს იმ ვნებათაღელვას, რომელიც ქართულ ფეხბურთს ახლდა.

მე ცუდად მახსოვს 40-იანი წლების მიწურულის ფეხბურთი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და მაშინდელი ამბები უმთავრესად უფროსებისგან ვიცი, განსაკუთრებით უფროსი მეგობრების, უმთავრესად კი, თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივრების – ვლადიმერ (ვოვა) ივანოვისა და გოგი დემეტრაძის მონათხრობიდან. არ დამავიწყდება, როგორ იგონებდა უნივერსიტეტის ბაღში ან კიროვის ბაღში ეს ორი ბუმბერაზი ადრინდელ თამაშებს, ერთმანეთს გამოცდას როგორ უწყობდა და ყოვლად წარმოუდგენელ კითხვებს უსვამდა. ეს პაექრობა ჩემში და ჩემს მეგობრებში დიდ გაკვირვებასა და აღტაცებას იწვევდა.

ერთხელ, მაგალითად, ვოვა ივანოვი ეკითხება გოგი დემეტრაძეს: აბა, მითხარი, რა თამაში იყო 1947 წელს, დინამოს სამხრეთ ტრიბუნასთან სტუმრების კარი იყო, მარცხენა ძელთან პროფესორა (ასე ეძახდნენ იმ დროის ცნობილ სპორტულ ფოტოგრაფს!) იდგა და იმ მარცხენა ზედა კუთხეში გოლი ვინ გაიტანა? ყველამ გოგის შევხედეთ და ვიფიქრეთ, ახლა კი მოეღებოდა ბოლო გოგის ტრაბახს. დემეტრაძემ ვოვას დამცინავად შეხედა და უთხრა ვინ თამაშობდა, რომელ ტაიმში მოხდა ამ გოლის გატანა, ვინ გაიტანა, ვის კარში და როგორ ახტა პროფესორა! ამგვარი პაექრობის მომსწრე ხშირად ვყოფილვარ და არ მახსოვს, რომ ამ გოლიათთაგან (ორივე დაბალი იყო!) რომელიმეს დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ გაეცა.

40-50-იანი წლების პირველ ნახევარში ფეხბურთის მოედნებზე ბრწყინავდნენ ბორის პაიჭაძე, გოგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, სპარტაკ და გაიოზ ჯეჯელავები, მიხეილ პირაევი. რომელი ერთი გავიხსენო! იმდენი კარგი და ბრწყინვალე ფეხბურთელი გვყავდა, რომ ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება... ჩვენს ფეხბურთში ერთი თაობა მეორეს ცვლიდა და ბრწყინავდნენ ვოვა მარღანია, ანდო ზაზროევი, ნიაზბეი ძიაფშიპა, შოთა იამანიძე, ავთანდილ ღოღობერიძე (ზედმეტსახელად ბასა)...

2222

პირველი ჩემპიონობა

1964 წელი დიდი მოვლენა იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თბილისის "დინამო" პირველად გახდა სსრკ-­ის ჩემპიონი. ჩვენი გუნდი 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში რამდენჯერმე იყო ახლოს ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ მაშინ იყო დაუწერელი კანონი – საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსკოვის გუნდი უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს ხერხდებოდა მსაჯების თაღლითობის გამოყენებით. 1964 წელს ჩემპიონობისთვის დამატებით მატჩში თბილისის "დინამომ" ტაშკენტში ანგარიშით 4:1 მოუგო მოსკოვის "ტორპედოს".

მატჩის მსაჯი იყო არა რუსი, არამედ ლატვიელი არბიტრი რუბენისი, რომელსაც შემდგომში ბევრი პრობლემა შეექმნა. თბილისის "დინამოში" მაშინ ბრწყინავდნენ მეკარე სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, სიომა ბარქაია, ზაურ კალოევი. შემდეგ გამოჩნდნენ განუმეორებელი მცველები – მურთაზ ხურცილავა და შოთა ხინჩაგაშვილი.

33

მესხი და მეტრეველი

მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი მსოფლიო კლასის გარემარბები იყვნენ. მათ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. ჩვენს მაყურებელს ძალიან მოსწონდა მიხეილ მესხის თამაში. მესხის ფინტი ისტორიაში შევიდა. "დინამო" თბილისში "ქარიშხალას" სტადიონზე (მაშინ "დინამოს" სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა) ბრაზილიურ კლუბს "ბაიას" ხვდებოდა.

მესხმა ძალიან დაჯაბნა მის წინააღმდეგ მოთამაშე მცველი დოს სანტოსი. მესხმა მას რამდენჯერმე ოსტატურად აუარა გვერდი თავისი საფირმო ფინტის გამოყენებით და ბრაზილიელი შავკანიანი გოლიათი მომცრო მესხს მოეხვია და აღტაცებულმა ჰაერში აიტაცა. ამგვარი რამ არასოდეს მენახა. როცა მესხი თამაშობდა, მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ ტრიბუნაზე გადადიოდა, რომლის გასწვრივაც მესხი იყო. სლავა მეტრეველი უფრო კლასიკური სტილით გამოირჩეოდა. მისი შეჩერება ყველას უჭირდა.

გადავსებული სტადიონი და ეროსი მანჯგალაძის დაუვიწყარი რეპორტაჟები

თბილისის "დინამოს" ყოველი თამაში დიდი მოვლენა იყო. თუ თამაში თბილისში იყო, ციებ-ცხელება რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა: ბილეთი იყო საშოვნელი, გარდა ამისა, მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ გულშემატკივრები – ქუთაისიდან, სოხუმიდან, გაგრიდან, თელავიდან… ჩამოდიოდნენ ჩრდილოკავკასიელებიც. ყველანი თბილისელებს სთხოვდნენ ბილეთის შოვნას. ეს კი ნამდვილად ძნელი იყო. ზოგჯერ თამაშზე იმდენად ბევრ ხალხს უნდოდა დასწრება, რომ უამრავი მილიციელის, მათ შორის ცხენებზე ამხედრებულის მიუხედავად, ისინი სტადიონის რკინის წვეტებიან ღობეზე ძვრებოდნენ, რომ უბილეთოდ შეეღწიათ სტადიონზე.

Giorgi_Javaxishvili-143

ამ წვეტებზე ბევრი შარვალი გახეულა, ხოლო ღობეზე მძრომელებს უმეტესწილად იჭერდნენ და "ჩორნი ვარონით" (მანქანა ტუსაღებისთვის) მცხეთის მიმართულებით მიჰყავდათ, სადმე შუაგზაზე ტოვებდნენ და სანამ თბილისში ფეხით დაბრუნდებოდნენ, თამაშიც დიდი ხნის დამთავრებული იყო. მეც მომიწია ერთხელ ამგვარი გასეირნება…

მაშინ ტელევიზია არ იყო და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდებოდა ან ჩვენი გუნდი თუ სხვა ქალაქში თამაშობდა, რადიოს უნდა დასჯერებოდა. როგორ შეიძლება ფეხბურთის რადიორეპორტაჟების დავიწყება?! ქალაქში რამდენიმე ადგილას იყო ჩამოკიდებული დიდი რეპროდუქტორები და იქიდან ისმოდა ყველასათვის საყვარელი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის ეროსი მანჯგალაძის ხმა. უამრავი ხალხი ვიდექით ხოლმე ამ რეპროდუქტორების ქვეშ და გულის ფანცქალით ველოდით ამ ხმას.

ხშირად მხოლოდ მეორე ტაიმის გადმოცემა იყო და მაშინ ვცდილობდით ეროსი მანჯგალაძის ლაპარაკის ტონით გამოგვეცნო პირველი ტაიმის შედეგი – ჩვენები იგებდნენ თუ აგებდნენ. თუ ბატონი ეროსი აყოვნებდა პირველი ნახევრის ანგარიშის თქმას, ვხვდებოდით, რომ ჩვენს "დინამოს" საქმე კარგად არ ჰქონდა. დაუვიწყარია ეს რადიორეპორტაჟები, ეროსის გამონათქვამები და ის ნიუანსები, რაზეც იგი ყურადღებას ამახვილებდა და რაც მისდამი უზომო სიყვარულს აღვივებდა.

ჩვენი ძველი ფეხბურთი ეროსი მანჯგალაძის ხმის გარეშე ვერ წარმომიდგენია. იგი თავის ეროვნულ საქმეს უმკაცრესი საბჭოთა ცენზურის პირობებშიც კი ძალიან კარგად უძღვებოდა. მასზე პოპულარული კაცი ჩვენში არავინ იყო! არ შეიძლება იმის დავიწყება, თუ რა ხდებოდა თბილისში ფეხბურთის დღეს, "დინამოს" სტადიონისკენ მიმავალ ქუჩებზე. უამრავი ხალხი ერთი მიმართულებით მიედინებოდა. ტრამვაიზე იმდენი ხალხი იყო ჩამოკიდებული, რომ თვითონ ტრამვაი აღარ მოჩანდა.

კიროვის პარკი და "ბაღელების" "ბელადი" - ქართლოს სვანიძე

როდესაც თბილისს და ქართულ ფეხბურთს იხსენებ, თვალწინ დგება გულშემატკივართა ლეგენდარული "ბელადი" – ქართლოს სვანიძე. გადმოცემით, ბელადობას მან "ბუნებრივად" მიაღწია – ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა და "ბაღელების" (კიროვის სახელობის პარკში დამკვიდრებული გულშემატკივართა კლუბი) ბელადად იქცა. მას ზოგიერთი მეტოქე უზურპატორად მიიჩნევდა – ბელადობა მიითვისაო.

"ბელადი", როცა 50-იანი წლების მიწურულს "ბაღელების" ბელადის ტახტზე ასკუპდა, იყო შესანიშნავი ქართული გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, ლამაზად შეჭრილი ულვაშებით, სასიამოვნო პიროვნება, კარგი იუმორით. ბოლო სიტყვა ყოველთვის მისი იყო და მის "დიქტატურას" ყველა აღიარებდა. ეს შესანიშნავი კლუბი მუშაობას საღამოს იწყებდა და "სხდომა" ყოველთვის ღამის 2-3 საათამდე, ხშირად კი გათენებამდეც გრძელდებოდა.

კიროვის პარკის მიმდებარე ნიკოლაძის ქუჩის ბინადარნი ზოგჯერ ვეღარ უძლებდნენ "ბაღელების" ღამის ხმაურს და პროტესტს გამოთქვამდნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თავად იყო ღამის ამ თავყრილობის მონაწილე (მაგალითად, კოტე გაბაშვილი, კოტე ებანოიძე და პეტრე მღებროვი) და პროტესტიც საკმაოდ მოკრძალებული იყო.

ბაღელების "სხდომათა" მთავარი თემა ყოველთვის თბილისის "დინამო" იყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ბუნებრივია, მეტად კრიტიკულად ირჩეოდა. ფეხბურთში ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების დროს "ბაღის" აქტუალურობა უმაღლეს მწვერვალს აღწევდა. "ბელადის" და, მაშასადამე, დანარჩენების კერპი ბრაზილიური ფეხბურთი იყო. შესაძლოა, ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებდა, მაგრამ "ბელადს" და მის "პოლიტბიუროს" ურჩობას როგორ გაუბედავდნენ?!

444

"ბელადთან" პაექრობას ცოტა ვინმე თუ შეძლებდა, მათ შორის გამოირჩეოდნენ გოგი დემეტრაძე და კოტე გაბაშვილი. ბაღში საოცარი სცენები იმართებოდა. ხშირად ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა – ასზე მეტიც ყოფილა. ზოგი მიდიოდა ამ საოცრების სანახავად და შემდეგ თბილისში "ბაღის" შესახებ ლეგენდები ვრცელდებოდა.

რა თქმა უნდა, "ბაღი" ქართული ფეხბურთის ერთადერთი და უმაღლესი გამგებლის როლს იჩემებდა. აქ აფასებდნენ არა მხოლოდ "დინამოს" ძირითადი და "დუბლის" ყოველ მოთამაშეს და, განსაკუთრებით, "დინამოს" მწვრთნელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, არამედ მის მიერ დაყენებული გუნდის შემადგენლობას, ტაქტიკას და შეცვლებს. ყველაფერს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ.

"ბაღის" აზრები და შეხედულებები, რა თქმა უნდა, იცოდა "დინამოსა" და რესპუბლიკის სპორტის ხელმძღვანელობამ. აქ ყველაზე შედეგიანი მწვრთნელებიც კი ფეხბურთის არმცოდნეებად ცხადდებოდნენ და ამ შეხედულებებს ქალაქის საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ჰქონდა. ბელადისა და "ბაღელების" აზრი კრიტიკას ვერ იტანდა. ურჩები ჭეშმარიტი ფეხბურთის უვიცებად ცხადდებოდნენ. ეს ხდებოდა მაშინაც, როცა ვინმე ბრიტანული, ბრაზილიური, არგენტინული თუ ზოგჯერ ესპანური ან იტალიური ფეხბურთის გარდა სხვა ფეხბურთს შეაქებდა. 70-იანი წლების ბრწყინვალე გერმანული ნაკრებიც კი ვერ აკმაყოფილებდა "ბაღის" ნატიფ საფეხბურთო გემოვნებას და სტანდარტებს. უცხოურ გუნდს მხოლოდ მაშინ იწონებდნენ, როცა მასთან საბჭოთა ნაკრები მარცხდებოდა!

"ესენი ვის მხარეზე არიან, კრემლი?" - გონივრულად გადაჭრილი პრობლემა

იყო ერთი ქუთაისელი, გვარად ხაჟალია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს უმაღლესებში გამოცდების წინ და გამოცდების დროს აკითხავდა. მთელი დღის ჯაფის შემდეგ, ღამისკენ, ეს გადაღლილი, მსუქანი კაცი ბაღში მიდიოდა, რათა ბოლო ინტელექტუალური მიღწევები გაეზიარებინა და შემდეგ ქუთაისის გულშემატკივრები "გაემდიდრებინა".

ერთხელ, 1981 წლის მაისი-ივნისი იქნებოდა, "ხაჟო", როგორც მას ეძახდნენ, ქოშინით შეუერთდა ბაღის მორიგ თავყრილობას და დიდ სკამზე წამოწვა დასასვენებლად და მოსასმენად. დაღლილმა მალე ხვრინვა ამოუშვა. ამ დროს "ბელადი" მგზნებარე სიტყვას ამბობდა ლათინოამერიკული ფეხბურთის ნიუანსების შესახებ და ხაჟოს ამგვარი საქციელი საკუთარი ავტორიტეტის შელახვად მიიჩნია.

იმ დროს არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ომი მიმდინარეობდა ფოლკლენდის კუნძულებისთვის და ბელადმა ხაჟოს დასასჯელად ხმამაღლა დაიძახა: "ხაჟო, აბა ვინ არის მართალი, არგენტინა თუ ინგლისი?". ხაჟომ თვალები გაახილა, წამოჯდა და დაიწყო ფიქრი, შუბლზე ოფლმაც კი დაასხა. აქეთ-იქით იყურებოდა დახმარების იმედით, მაგრამ შველა არსაიდან ჩანდა. ყველა მიხვდა, რომ "ბელადის" ჩამჭრელ კითხვას ხაჟოსთვის უნდა შეეხსენებინა, ვინ იყო ბაღში მთავარი.

"ხაჟოს" სახეზე ასახული ტანჯვა სიბნელეშიც (მხოლოდ ერთი ნათურა ეკიდა ხეზე) კი კარგად ჩანდა. მას ამ ომის შესახებ ეტყობა არაფერი გაეგონა, მაგრამ ქუთაისურმა ნიჭმა და ქართულმა ხალხურმა სიბრძნემ არ უმტყუნა, თითი ცისკენ გაიშვირა და მზაკვრულად იკითხა: "ესენი ვის მხარზე არიან, კრემლი?". "არგენტინის, არგენტინის!" – უპასუხეს. ხაჟომ გამარჯვებული სახით შეხედა "ბელადს" და უთხრა: "ესე იგი, ინგლისი მართალია!" "ბელადს" ეს არ მოეწონა, არაფერი თქვა. ხაჟო კი ისევ სკამზე გაგორდა და დაიძინა. პოლიტიკურმა სიბრძნემ და სიმართლემ აქაც იჩინა თავი – მოსკოვი და კრემლი ყოველთვის მტყუანია. ეს საკითხი საბოლოოდ გადაიჭრა.

სოფელი პანტიანი - საერთაშორისო მატჩების ხილვის ორიგინალური საშუალება

მინდა აღვნიშნო, რომ სოფელი პანტიანი საერთაშორისო ფეხბურთსა და თბილისურ საფეხბურთო ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. როგორც მახსოვს, 70-იანი წლების დასაწყისში ზოგიერთმა გულშემატკივარმა შეიტყო, რომ თბილისის შემოგარენში არის ადგილები, სადაც თურქეთის სატელევიზიო გადაცემების დაჭერა შეიძლებოდა.

ბევრი იჩემებდა ამ აღმოჩენის ავტორობას. ჩემი მეგობრები, ძმები ნუგზარ და გოდერძი პერონიძეები ამბობენ, რომ საუკეთესო ადგილი პანტიანთან ერთ-ერთ ფერდობზე სწორედ მათ იპოვეს. პანტიანში სიარული და იქ საერთაშორისო მატჩების (პირველ ყოვლისა, ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების) ყურება თავიდან მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო, მაგრამ ძალიან მალე პანტიანში გვიან საღამოს ფეხბურთის საყურებლად მასობრივი სვლა დაიწყო.

2

საქმე იქამდე მივიდა, რომ ასობით ავტომანქანა გვიან საღამოს თბილისიდან წყნეთის გავლით პანტიანისკენ მიდიოდა და იქ ჩასულებს შორის საუკეთესო ადგილებისთვის შეჯიბრი იწყებოდა. უბედურება ის იყო, რომ უმეტესწილად ჩანდა გამოსახულება, მაგრამ ხმა არ მოდიოდა. ზოგჯერ კარგად დაცდილი ადგილი არ ამართლებდა და იწყებოდა ახალი ადგილების ძებნა, სადაც თურქეთის ტელევიზიის სიგნალი წვდებოდა.

მანქანებიდან გადმოღებული დიდი და პატარა ტელევიზორები, ძლიერი აკუმულატორი, თავზე დასაფარებელი ბრეზენტის თუ ცელოფნის ნაჭრები (წვიმა პანტიანში იშვიათობა არ იყო!), გაუთავებელი კომენტარები და შეძახილები, სასიამოვნო სასმელ-საჭმელი… არანაკლებ შთამბეჭდავი სანახაობა იყო, როცა მთელი ამ ხალხით გაჭედილი მანქანები გზაზე თავს იყრიდა და ნაშუაღამევს თბილისში ბრუნდებოდა.

ეს ძალიან ჰგავდა ღამით სამხედრო კოლონების გადაადგილებას. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ნატოს ოფიცრები ჩვენი მეგობრები გახდნენ, მაშინ გავიგეთ, რომ თანამგზავრებიდან გადაღებული ეს მსვლელობა დასავლეთისათვის სამხედრო კოლონების თურქეთის საზღვრისკენ გადაადგილებას ჰგავდა და გარკვეული შეშფოთებაც გამოუწვევია, მხოლოდ მოგვიანებით დაუდგენიათ პანტიანისკენ მასობრივი ავტოგადაადგილების ჭეშმარიტი მიზეზები და ნატოსთან მოახლოებული საფრთხის შეგრძნებაც გამქრალა.

ჩვენი საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი დგებოდა მსოფლიო ჩემპიონატების წინ. გოგი დემეტრაძე ყოველთვის ახერხებდა საგზურის შოვნას, რადგან კომპარტიის ცეკაში ბევრი მეგობარი ჰყავდა. "ბელადი" და რჩეულთა შორის რჩეულებიც ირაზმებოდნენ და რამდენიმე მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა, რომელსაც დიდი ფერადი ტელევიზორით მანქანაში სახეზე მხედართმთავრის გამომეტყველებით "ბელადი" მიუძღოდა, ჩვენ, თბილისში დარჩენილებს, ხელს დაგვიქნევდნენ და ბედნიერი სახეებით დასავლეთ უკრაინას, უჟგოროდს, მიაშურებდნენ, სადაც უნგრეთის ტელევიზიას იჭერდნენ.

თბილისური ფეხბურთის სამყაროს შესახებ ბევრი რამ მახსოვს. ბევრი რამ არის დასაწერი! ჯერ მხოლოდ გადაჭედილი სტადიონის ატმოსფეროს გადმოცემა რად ღირს! სწორედ ამაზე იტყვიან – რაც გინახავს ვეღარ ნახავო, მაგრამ არ მინდა ეს დავიჯერო... ისედაც ბევრი მომივიდა, მკითხველი უნდა დავინდო და აქ უნდა გავჩერდე.


გამოქვეყნებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ნებართვით.

წყარო - ჟურნალი "ჩემი სამყარო", 2015 წელი.

სხვა სტატიები