Belive

ისტორია | როდესაც ფეხბურთის საყურებლად თბილისიდან პანტიანში ადიოდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

...და არამარტო თბილისიდან. 80-იან წლებში, დედაქალაქიდან 37 კილომეტრში მდებარე პანტიანის ველი ძველი მანქანებითა და 12-ვოლტიანი ტელევიზორებით ივსებოდა. სტატიაში ამ უცნაური, უნიკალური ამბავის შესახებ მოგიყვებით.

საბჭოთა კავშირი საყოველთაო ციხე იყო, სადაც ადამიანებს ჩაცმის სტილს, მოქცევის წესს, არჩევანს განუსაზღვრავდნენ. ყველაფერი იყო დაგეგმილი, წინასწარ ფრთხილად შემოწმებული, კომპარტიისა და წითელი მმართველობის მიერ დადასტურებული, ყურთან გეგმიურად მიტანილი, ნაკარნახევი. ადამიანის ბუნება კი ასეთია: სწორედ ის იზიდავს, რაც გაუგებარი მიზეზის გამო აუკრძალეს, დაუმალეს.

დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს ვინმემ (და მითუმეტეს, პარტიულმა ბიუროკრატმა) გადაუწყვიტოს, თუ რომელ საფეხბურთო მატჩს უყუროს? არადა, ეს ჩვენი ისტორიაა, ცენზურითა და სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის მცდელობით სავსე გარემო - ის, რასაც სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დღიდან გავურბივართ, რაც დღემდე საცეცებით თავისკენ გვექაჩება და წინ არ გვიშვებს. ისტორიული ტრავმის მიუხედავად, მეორე მხრივ, ინფორმაციის დახშულობის საბჭოურმა მოდელმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საინტერესო ფენომენის დაბადებას შეუწყო ხელი.

მაძიებლები

საბჭოთა პერიოდში, ვერის ბაღს "კიროვის ბაღს" უწოდებდნენ, რომელიც ერთგვარ, იმდროინდელ სოციალური ქსელს წარმოადგენდა: ეს იყო სხვადასხვა ტიპის, კლასის, განათლების ადამიანების, ე.წ. "ბაღელების" თავყრილობა, ადგილი ინფორმაციის გასაზიარებლად.

სწორედ ამ ადგილიდან იწყება ძმების, გოდერძი და ნუგზარ პერონიძეების ისტორია: შეიტყვეს, რომ თურქეთიდან მომავალი სიგნალი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად აღწევდა, რაც მათთვის ბიძგი აღმოჩნდა. მანამდე, გულშემატკივარის ნაწილი, სასურველი საფეხბურთო რეპორტაჟების სანახავად უკრაინაში, ქალაქ უჟგოროდში, მოგვიანებით სომხეთში, ლენინაკანში (დღევანდელი გუიმრი), ბოლოს კი თეთრიწყაროში დადიოდა.

ძმებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი რესურსით, სპეციალური ანტენა დაემზადებინათ და თბილისთან ახლოს, სასურველ ადგილას, სიგნალის მისაღებად ადგილი ეპოვათ. "ბაღელების" სახით, მაძიებლებს მხურვალე ქომაგი ჰყავდა. ერთმა სასიხარულო დღემ ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის ბევრი რამ შეცვალა: ბეთანიასთან ახლოს მყოფი სოფელი პანტიანი ნელ-ნელა ფეხბურთის (და არამარტო ფეხბურთის!) გულშემატკივარის საყვარელ მიმართულებად იქცა. ავტომობილებით სავსე მინდორზე ხალხის ტევა არ იყო, "ჟიგულებზე", "მოსკვიჩებზე" და "ლადებზე" მოთავსებული ტელევიზორი კი იმას აჩვენებდა, რასაც საბჭოთა ტელეარხები არ გადასცემდნენ.

ეს ისტორია მივიწყებული, ნოსტალგიური, ზოგიერთისთვის კი უცნობიცაა. სწორედ ამიტომ, "მაძიებელთან", გოდერძი პერონიძესთან გასაუბრება გადავწყვიტეთ, რათა მისგან ჩვენც უფრო მეტი გაგვეგო და თქვენთვისაც მეტი მოგვეყოლა.