Belive

"მატჩის შემდეგ გულშემატკივართან ვიჩხუბე, 'უღირსი საქციელი' ორაზროვანი განცხადება აღმოჩნდა" - მინდია ბობღიაშვილის კომენტარი გახმაურებული შეხვედრის შემდეგ 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა 18 მარტს გაიმართა და მასში, “რუსთავმა” “გარეჯი” გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის განხილვის საგანი გახდა საგარეჯოული კლუბის მეკარის, მინდია ბობღიაშვილის თამაში, რომელმაც რამდენიმე, საკმაოდ უცნაური შეცდომა დაუშვა. შეხვედრის გამართვიდან მეორე დღეს, კახური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ “გარეჯმა” 37 წლის გოლკიპერი გუნდიდან გაუშვა. Live.ge გამოცდილ მეკარეს დაუკავშირდა და სიტუაციის შეფასება სთხოვა. ჩვენთან საუბრისას, მინდია ბობღიაშვილმა განმარტა, რომ კლუბი "უღირს საქციელში" მის მიერ გულშემატკივართან დაპირისპირებას გულისხმობდა და ის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს. https://www.live.ge/erovnuli-liga/utsnauri-shetsdomebis-shemdeg-garejma-mekare-daithkhova-da-gulshematkivars-moubodisha/
"ხალხის კომენტარებზე, რომლებიც შეცდომების სპეციალურად დაშვებაში ბრალს მდებენ, პასუხის გაცემა არამართებული იქნება. არამხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ, აქამდეც მსგავსი რამ ძალიან ხშირად დაწერილა, საქართველოს ნაკრების მატჩებზეც კი. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კლუბის განცხადებას, გავრცელებული პოსტი ორაზროვანი იყო და ჩემთვის ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა. როგორც მე ვხვდები, აქ საუბარი არასპორტულ საქციელზეა, რაც იმას გულისხმობს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ჩხუბი მომივიდა, რომელიც მთელი თამაშის მიმდინარეობის პარალელურად, მაყენებდა შეურაცხყოფას მეც და ჩემს ოჯახსაც. რა თქმა უნდა, ეს ცხელ გულზე მოხდა და ახლა რომ ვაანალიზებ, შეიძლებოდა ასე არ მოხდარიყო, თუმცა იმ ადამიანის მხრიდან, ისეთი შეურაცხყოფა მოვისმინე, რომლის ატანაც ჩემთვის მიუღებელი იყო. მართალია, რომ თავდაპირველად, ჩემი და კლუბის კომუნიკაცია ვერ შედგა, ამ თემების შესახებ არ გვისაუბრია. მაგრამ, მოგვიანებით გვქონდა სატელეფონო საუბარი, შევხვდებით და დეტალურად ვილაპარაკებთ, ვნახოთ რა გადაწყდება. მეკარე ვარ, შეცდომები აქამდეც დამიშვია და ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ალბათ, ამ მატჩს სადისციპლინო კომიტეტიც განიხილავს და იმედი მაქვს ჩემი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა მექნება. ვნახოთ რა იქნება მომავალში, ჯერჯერობით არ ვიცი გაგრძელდება თუ არა ჩემი ურთიერთობა "გარეჯთან", ალბათ ასე უნდა დასრულებულიყო ჩემი კარიერა. როგორც ჩემი, ისე სხვა ფეხბურთელების ოჯახის მიმართულებით, შეურაცხყოფის შეტევებია მიმართული. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება დადგება საბოლოო ჯამში, მაგრამ მე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ. ცხოვრება გრძელდება და ვნახოთ რა და როგორ, ამას დრო გამოაჩენს", - თქვა მინდია ბობღიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
https://www.live.ge/fexburti/garejis-mekaris-tsarmoudgeneli-shetsdomebi-erth-matchshi-video/ მინდია ბობღიაშვილი წლების განმავლობაში, ბოლნისის "სიონის", ლანჩხუთის "გურიას", ფოთის "კოლხეთის", ქუთაისის "ტორპედოს", "ზუგდიდის" და "ჭიათურას" მაისურს ირგებდა, 2017 წლის შემდეგ კი ის "გარეჯის" ფეხბურთელი გახლდათ და ბოლოს სამკლაურსაც ატარებდა.

სხვა სტატიები