Belive

მატჩის შემდეგ DJ სეტი | პრემიერ ლიგის მეკარის უჩვეულო ამპლუა

5 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ვესტ ჰემის“ მეკარემ, ალფონს არეოლამ, შაბათ საღამოს პაბში Star of Bethnal Green თავისი პირველი DJ სეტი წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ბორნმუთთან“ უგოლო ფრის დროს სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მატჩის დასრულების შემდეგ გეზი აღმოსავლეთ ლონდონისკენ აიღო და პაბის სტუმრები მოულოდნელი ვიზიტით გააკვირვა.

როგორც ირკვევა, არეოლა DJ-ის ფუნქციას "ვესტ ჰემის" გასახდელშიც ითავსებს - 2023 წლის ივნისში, კონფერენს ლიგის გამარჯვებულის ტიტული საკუთარი სეტით აღნიშნა. კიდევ უფრო ადრე, მის ინსტაგრამ გვერდზე ხშირად შეხვდებოდით ვიდეოებს, სადაც ნახავდით, თუ როგორ ეუფლებოდა ფრანგი მეკარე DJ-ის პროფესიას.

თუმცა, შაბათი საღამო არეოლასთვის პირველი საჯარო გამოსვლა იყო. მისი სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ჩანს, არეოლამ მოლოდინი გაამართლა, რადგან პაბში უკვე მეორედაც არის მიწვეული.

„მან ის ცნობილი ფრანგული სიმღერა შემოგვთავაზა, სადაც ყველა ფრანგი ფეხბურთელია მოხსენიებული (იგულისხმება Vegedream-ის Ramenez La Coupe A La Maison). არეოლამ ჰაუსისა და საცეკვაო მუსიკის მიქსი დაუკრა, ხალხი აჰყვა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის პირველი გამომსვლელი იყო და სადებიუტო სეტს ფანტასტიკურად გაართვა თავი“, - აღნიშნა „ვესტ ჰემის“ ქომაგმა და პაბის მენეჯერმა.

არეოლა „ვესტ ჰემს“ 2021 წლის ივლისში, პსჟ-დან იჯარით შეუერთდა. 11 თვის შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა მისი ტრანსფერი გამოისყიდა. მას შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მეკარემ 122 მატჩში 28-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

უკანასკნელ პერიოდში, მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, ფრანგი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო - „ბარნლისთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ბორნმუთთან“ მატჩებში, მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში მადს ჰერმანსენი ვიხილეთ.

View this post on Instagram

A post shared by The Star Of Bethnal Green (@starbethgreen)