Belive

მასთან განშორება რთულია | კლოპმა სეზონი შეაფასა და ვეინალდუმს დაემშვიდობა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯინი ვეინალდუმი მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, "ლივერპულს" დატოვებს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს დაახლოებით 1 თვეში დაემშვიდობება და ამ წუთისათვის უცნობია, თუ სად გაგრძელდება მისი კარიერა. პრემიერ ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, "ლივერპულმა" მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. "კრისტალ პალასთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა წლევანდელი სეზონი შეაფასა და ჯინი ვეინალდუმს ემოციურად დაემშვიდობა.


111

"კლუბისთვის საკმაოდ ემოციური მომენტია. გრემ კარტერსა და ჯინი ვეინდალდუმს დავემშვიდობეთ. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მოგვენატრება." "არ ვიცი საიდან დავიწყო. ვეინალდუმს პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა. მოგვიანებით ჩემს სახლში ვესაუბრე. ის ძალიან მეგობრული, გახსნილი და ჭკვიანი ადამიანია. ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია - ვემშვიდობები მეგობარს, რომელიც ძალიან დამაკლდება. ნებისმიერი კლუბის წარმომადგენელს შეუძლია დამიკავშირდეს და ჯინის შესახებ კითხვა დამისვას."
ვეინალდუმზე საუბრის პარალელურად, გერმანელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონი შეაფასა. კლოპი მოხარულია იმ გარემოებით, რომ 2020/21 წლების სეზონის უკანასკნელ საშინაო მატჩს გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ტრავმებით დატვირთული უმძიმესი სეზონის შემდეგ, "ლივერპულმა" პრაქტიკულად სასწაულის მოხდენა შეძლო და პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. გერმანელი სპეციალისტი უკანასკნელი 7-8 კვირის განმავლობაში ნაჩვენები რეზულტატით აღფრთოვანებულია და პრემიერ ლიგაში დაკავებულ მესამე პოზიციას დამსახურებულად მიიჩნევს. მერსისაიდულმა გრანდმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ 10 ტურში დაუმარცხებლად იასპარეზა (8 მოგება, 2 ფრე). კლოპი მოხარულია იმ გარემოებით, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
"გუნდში არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებდით. მოხარული ვარ, რომ უკანასკნელი 6-7-8 კვირის განმავლობაში გუნდმა მაღალ დონეზე ასპარეზობა შეძლო. საბოლოოდ, გაწეულმა შრომამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვიტანა. მოხარული ვარ, რომ მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგა ჩვენს გარეშე არ ჩატარდება. წარმატების მისაღწევად ბიჭებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს - ვამაყობ "ლივერპულის" ფეხბურთელებით", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები