Belive

ჰილსბოროს ტრაგედიისთვის ბრიტანეთის პოლიციამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

ბრიტანეთის პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სპორტული ტრაგედიის გამო ბოდიშს იხდის - საქმე ეხება 1989 წლის "ჰილსბოროს ტრაგედიას", რომელსაც პოლიციის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად, 97 გულშემატკივარის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1989 წლის 15 აპრილს, ინგლისის თასზე “ლივერპულსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. გუნდები შეფილდში, ჰილსბოროს სტადიონზე თამაშობდნენ. ეს შეხვედრა ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომ არა ტრაგედია, რომელსაც 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 766-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

თავდაპირველად,  ხელისუფლებამ იერიში ქომაგებზე, მათ საქციელზე მიიტანა. 1991 წელს გამოტანილი ვერდიქტით, გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა. გარდაცვლილთა ოჯახებმა განაჩენი გაასაჩივრეს და იბრძოლეს იმისთვის, რომ საქმის განხილვა კვლავ გაგრძელებულიყო. გავიდა დრო და ჯერ დამოუკიდებელმა კომისიამ, შემდეგ სასამართლომ და ბოლოს უკვე პოლიციის აღიარებითმა წერილმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

რა მოხდა?

მატჩის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ “ლივერპულისა” და “ნოტინგემის” გულშემატკივრები ცალკ-ცალკე უნდა განთავსებულიყვნენ – ეს ინგლისში ჩვეულებრივი ამბავია. მატჩის დღეს, საავტომობილო გზებზე შეიქმნა საცობი, შეფილდის მიმართულებით კი ლივერპულიდან მხოლოდ 1 მატარებლის რეისი იყო დანიშნული.

შედეგად, გულშემატკივრების დიდი ნაწილი სტადიონთან თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მივიდა. უზარმაზარ რიგში მყოფი გულშემატკივრები ვერ ხვდებოდნენ, თუ რომელი მხრიდან უნდა შესულიყვნენ სტადიონზე, ხოლო როდესაც სტადიონის თანამშრომლები მათ სხვა მხარეს ამისამართებდნენ, ფანებს უკან დახევა არ შეეძლოთ, რადგან მათ უკან ათასობით ადამიანი იდგა.

HILLS

თამაშის დაწყების შემდეგ

თამაშის დაწყების მიუხედავად, ათასობით გულშემატკივარი ჯერ კიდევ სტადიონზე შესვლას ცდილობდა. სამართალდამცავები მატჩის 20 წუთით გვიან დაწყებას მოითხოვდნენ – მათი აზრით, ეს დრო საკმარისი იყო გულშემატკივრების მოედანზე უპრობლემოდ შესაყვანად, თუმცა მატჩის ორგანიზატორებმა ამ თხოვნაზე უარი განაცხადეს.

სტადიონს გარეთ მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად უარესდებოდა და დაიწყო ნამდვილი ჭყლეტა – მდგომარეობის განსამუხტად და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ A, B და С “გეითები” გააღო, თუმცა მათ გადაწყვეტილებას უკეთესი შედეგი ნამდვილად არ მოჰყოლია.

ტრაგედია

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, გულშემატკივრებს 3 “გეითი” გაუხსნეს – სტადიონზე სწრაფი ტემპით, ერთდროულად, ადამიანების დიდი ნაკადი შევიდა, რომელსაც ფეხზე დასადგომი ადგილები უნდა მოეძებნა, თუმცა ამისი დრო აღარ იყო – მათ უკნიდან სხვა ადამიანების ტალღა აწვებოდათ და შედეგად, სრულიად უკონტროლო მდგომარეობა შეიქმნა.

მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ცხადი გახდა, რომ “ლივერპულის” კარის უკან, რაღაც ხდებოდა: ერთი შეხედვით, იფიქრებდით რომ გულშემატკივრები სტადიონზე შევარდნას ცდილობდნენ, თუმცა მარტივი მისახვედრი იყო, რომ დამცავ ზღუდეზე ისინი თავის გადასარჩენად გადადიოდნენ.

ამ დროისთვის, მატჩის მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა. გულშემატკივარის ნაწილი, როგორც ვთქვით, თავის გადარჩენას ნებისმიერი ხერხით ცდილობდა, იქნებოდა ეს მოედანზე გადასვლა თუ ზედა ტრიბუნაზე, სხვა გულშემატკივარის დახმარებით ასვლა.

"ჰილსბოროს ტრაგედია" - რა მოხდა შეფილდში 31 წლის წინ? 4

შედეგები, გამოხმაურება და ვერდიქტი

შემთხვევის ადგილზე, 42 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, თუმცა 96 ადამიანისთვის, მათი გამოჩენა უკვე დაგვიანებული იყო. 94 მათგანი იმავე დღეს გარდაიცვალა (სტადიონზე, სასწრაფოს მანქანაში, ან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ), 14 წლის ლი ნიკოლი და 22 წლის ტონი ბლენდი კი, მომდევნო ორი დღის შემდეგ დაიღუპნენ.

მომხდარმა მთელი სამყარო შეძრა: გაკეთდა უამრავი განცხადება, ჩატარდა საქველმოქმედო საღამოები და ა.შ. თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც ყველას აწუხებდა, იყო შემდეგი: ვინ იყო მომხდარში დამნაშავე?

პირდაპირი მნიშვნელობით, სამარცხვინო განცხადება გააკეთა UEFA-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჟაკ ჟორჟმა, რომელმაც “ლივერპულის” ქომაგებს “მხეცები” უწოდა და მომხდარში პირდაპირ მათ დასდო ბრალი. მოგვიანებით, მას ამის გამო ბოდიშის მოხდაც მოუწია.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ იერიში ქომაგებზე, მათ საქციელზე მიიტანა. 1991 წელს გამოტანილი ვერდიქტით, გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა. გარდაცვლილთა ოჯახებმა განაჩენი გაასაჩივრეს და იბრძოლეს იმისთვის, რომ საქმის განხილვა კვლავ გაგრძელებულიყო, თუმცა 1997 წელს, უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელახალი გამოძიება საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ჰილსბოროს დამოუკიდებელი საბჭო

2009 წლის დეკემბერში, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალან ჯონსონმა, ჰილსბოროს დამოუკიდებელი საბჭო ჩამოაყალიბა, რომელსაც არქივიდან სრული დოკუმენტაცია უნდა შეესწავლა და მომხდარის მიზეზები დაედგინა. საბჭო სხვადასხვა პროფესიების ადამიანებისგან იყო დაკომპლექტებული, მათ შორის იყვნენ საგამოძიებო ჟურნალისტი, ექსპერტი კრიმინალის დარგში, იურისტი და ა.შ.

2012 წლის სექტემბერში, საბჭომ ოფიციალური განცხადება გააკეტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მომხდარში “ლივერპულის” ქომაგებს არანაირი წვლილი არ მიუძღოდათ და რომ ყველაფერი პოლიციის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი იყო. მათი დასკვნით, გულშემატკივრების დიდი ნაწილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ საერთოდ არ ყოფილა და რომ ისინი ქაოტურად, მასას მიჰყვებოდნენ – სხვა ვარიანტი მათ არც გააჩნდათ.

საბჭოს ანგარიში 395 გვერდსა და 153 ახალ დასკვნას მოიცავდა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ: ქაოსური მდგომარეობის მიუხედავად, პოლიციას სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა და მსხვერპლის თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა.

2017 წელს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ტერეზა მეის დავალებით, გამოქვეყნდა რეკომენდაციებით სავსე დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა პოლიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. დღეს კი საბჭომ, რომელიც ბრიტანელ პოლიციის მაღალჩინოსნებს აერთიანებს, პირდაპირ აღიარა, რომ გულშემატკივარის ბრალი მომხდარში საერთოდ არ ფიგურირებდა.

"მე, როგორც პოლიციის უფროსი, მთელი გულით ვიხდი ბოდიშს მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებდით იმას, რისი გაკეთებაც მაშინ შეგვეძლო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჰილსბოროს ტრაგედიასთან დაკავშირებული ანგარიში ყოფილიყო ყოვლისმომცველი, რათა დაზარალებულ ოჯახებს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდათ და ზუსტად მესმის, რომ მთელი ეს პერიოდი მათ ტკივილს კიდევ უფრო მეტად უმწვავებდათ", - განაცხადა NPCC-ის ხელმძღვანელმა, მარტინ ჰიუიტმა.

სხვა სტატიები