მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება სუპერლიგის სასარგებლოდ მიიღო
ევროპულმა სასამართლომ სუპერლიგას მხარი დაუჭირა. დღეს გამოტანილი განაჩენით, სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ფიფა და უეფა თავიანთ დომინანტურ პოზიციას ბოროტად იყენებენ'' და ამ ორგანიზაციების წესები სუპერლიგასთან დაკავშირებით, თავისუფალი კონკურენციის კანონს ეწინააღმდეგება. შედეგად, ფიფა და უეფა გუნდებს სუპერლიგაში მონაწილეობას ვეღარ შეუზღუდავს.
ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიფასა და უეფას წესები მედიის უფლებების გამოყენებაზე ზიანს აყენებს ევროპულ კლუბებსა და მედიაბაზარზე მყოფ კომპანიებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის მაყურებელსა და გულშემატკივარს ახალი, პოტენციურად საინტერესო ტურნირების ყურებაში.
2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. 2021 წელს არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი” და ,,ბარსელონა'' უჭერენ.