მარტას ბოლო შანსი | ლეგენდის მეექვსე, ბოლო ოლიმპიადა
ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბევრისთვის ოცნებაა, ზოგისთვის კი - ცხოვრების ნაწილი. ამ მხრივ, ბრაზილიელი მარტა ნინო სალუქვაძის მიღწევას (10 ოლიმპიადა) ვერ იმეორებს, თუმცა პარიზის ოლიმპიადა მის კარიერაში უკვე მეექვსეა. თანაც, საქმე მხოლოდ ციფრებს არ ეხება: სასწორზე გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა დევს.
პელე, რონალდო, ზიკო, სოკრატესი, გარინჩა. ბრაზილიაში, მარტაც ამ სიმაღლეზე დგას - ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი. FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად 6-ჯერ დასახელებულ ბრაზილიელს ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება 2-ჯერ შეეძლო, თუმცა მისთვის, პირველობა კვლავ მიუღწეველი რჩება. 38 წლის ფეხბურთელის თქმით, ზაფხულის XXXIII ოლიმპიადამ მასში განსაკუთრებული მოტივაცია გამოიწვია.
"ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ამ დონემდე მივსულიყავი. ეს შედეგი თავად გამოვიმუშავე და ახლა, მაქვს შანსი, მეექვსე ოლიმპიადაზე ვითამაშო", - თქვა მარტამ Globo-სთან საუბრისას.
ბრაზილია საფეხბურთო ქვეყანაა. კოპაპაკაბას სანაპიროებსა თუ ვიწრო ქუჩებში დაბადებული ფეხბურთი, რომლითაც ქვეყანა წლიდან წლამდე ცხოვრობს, ყოველდღიურობად, ეროვნულ სიამაყედ და მემკვიდრეობად იქცა. თუმცა კაცთა გუნდისგან განსხვავებით, ქალთა ნაკრების ისტორიაში ტრიუმფის ისტორია ჯერ არ დაწერილა.
ბრაზილიის ნაკრებმა ოლიმპიადა არცთუ სახარბიელო შედეგით დაიწყო: დაამარცხა ნიგერია (0:1), იაპონიასთან კი შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმო. ჯერჯერობით, მარტას ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა და ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"იაპონია მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა. ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რაც მარცხის ფასად დაგვიჯდა. შეგვეძლო, მატჩის შედეგით გვეზეიმა, თუმცა ახლა მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს. ეს დასასრული არაა. სწორედ ესაა ფეხბურთი, ყველაფერი შესაძლებელია და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია", - თქვა მარტამ, რომელიც სანაკრებო კარიერას წელს ასრულებს.
ქალთა საფეხბურთო ოლიმპიადაზე, სულ 3 ჯგუფია წარმოდგენილი. ბრაზილია C ჯგუფში ასპარეზობს და მომდევნო მატჩში (31 ივლისი, 17:00), ჯგუფის ლიდერს და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ესპანეთს (6 ქ.) დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლა როგორც პირველ და მეორედგილოსან გუნდებს, ასევე 2 საუკეთესო მესამეადგილოსანსაც შეუძლია.