Belive

მარკო ვან ბასტენი - "უმჯობესია უყურო Netflix-ს და არა ატლეტიკოს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდა - მარკო ვან ბასტენი, დიეგო სიმეონეს სათამაშო სტილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ უმჯობესია ფანებმა უყურონ Netflix-ს და არა "ატლეტიკოს" თამაშს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა. "ეტიჰადზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკომ" მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერ შეძლო. "როხიბლანკომ" მატჩის გარკვეული პერიოდი 5-5-0 ფორმაციითაც დაჰყო მოედანზე. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში დაფიქსირებული კატასტროფული სტატისტიკის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სიმეონე და "ატლეტიკო" მწვავედ გააკრიტიკეს.

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის 2-გზის ფინალისტს ბურთის ფლობის მაჩვენებელიც კატასტროფული (27%) ჰქონდა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ოქროს ბურთის 3-გზის ტრიუმფატორის უკმაყოფილება, რომელმაც "ატლეტიკო" გააკრიტიკა.
"ის, რასაც "ატლეტიკო" აკეთებს ლეგალური და დასაშვებია, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არსებობს გუნდი, რომლის 10 ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთის უკანაა, დაცვაზეა კონცენტრირებული და კარის მშრალად შენახვას ცდილობს. საფეხბურთო ორგანიზაციებმა (FIFA, UEFA) უნდა დაიწყონ ზრუნვა იმის შესახებ, რომ ფეხბურთი გაცილებით სანახაობრივი გახდეს. ასეთ სათამაშო სტილში სანახაობრივი არაფერია. ფანებისათვის უმჯობესია გადართონ და უყურონ Netflix-ს და არა ატლეტიკოს თამაშს", - აღნიშნა ვან ბასტენმა.

სხვა სტატიები