მარკინიოსი: "კვარა ფორმაშია, გამიჭირდა მის წინააღმდეგ დგომა"
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
12 აგვისტოს, ზალცბურგი უეფას სუპერთასის ფინალს უმასპინძლებს. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მომგები პსჟ და ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან. შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან პარიზელთა კაპიტინმა, მარკინიოსმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური ფორმით მოხიბლულია.
კვარა შესანიშნავ ფორმაშია და ეს აშკარად ჩანს - მას სათანადო მომზადებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. ბოლო ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში მიწევდა და ეს ნამდვილად ძალიან რთული იყო.
პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ მოთამაშეს ვერ დავაკისრებთ, გუნდი თითოეულ ფეხბურთელს ეყრდნობა. ვიცით, რომ კვარას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ყველას თავისი როლი აქვს. გასულ სეზონში მან ფანტასტიკურად იასპარეზა და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სეზონშიც ასე გაგრძელდება.
ჩვენი მწვრთნელი ისეთივე ენერგიითაა სავსე, როგორც კვარა! ის არის კაცი, რომელსაც თავისი სათქმელი პირველივე დღიდანვე მკაფიოდ და ამბიციურად დაჰყავს ფეხბურთელებამდე. მშვენივრად ესმის, რომ შესაძლოა სეზონის დასაწყისშივე პიკში არ ვიყოთ, თუმცა თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად მოვუმატებთ - განაცხადა მარკინიოსმა
ნათელია, რომ პსჟ, სეზონის სტარტზე ფორმის პიკში ვერ იქნება - გუნდი სულ რამდენიმე დღეა რაც სრულად შეიკრიბა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელები გვიან დაბრუნდნენ და მოსალოდნელია, რომ ლუის ენრიკე მათ სასტარტო შემადგენლობაში ვერ დააყენებს, ასე რომ, კვარაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სუპერთასის შეხვედრა, პარიზელებისთვის, სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია.