მანჩინი: ,,როცა აქ პირველად მოვედი, ჟურნალისტების 90-95% ევროპაში მე-7 ან მე-8 გუნდად გვთვლიდა''
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„სამი წლის წინ რაც ჩემსა და პრეზიდენტ გრავინას შორის მოხდა, კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი იყო. პირისპირ რომ გველაპარაკა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა. ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია და წასვლა ცხოვრების სიყვარულის დაკარგვას ჰგავს. ეს ნიშნავს, რომ შეცდომები დაუშვი. მნიშვნელობა არ აქვს, მანამდე რამდენად კარგად გამოგდიოდა, აშკარაა, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. ვწუხვარ ყველაფრის გამო, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ ბედისწერამ და მალაგომ მომცეს შანსი, თავიდან ვცადო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნული ნაკრები ისევ იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია.
მინდა მოედანზე გამოვიყვანო გუნდი, რომელსაც იმის გამეორება შეეძლება, რაც 2021 წელს გავაკეთეთ. ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული შემადგენლობა გვყავს, ასე რომ, ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაშია.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და კარგად მესმის, რომ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემ წინააღმდეგ იქნებიან განწყობილნი. ვეცდები, ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომ გულშემატკივრებს გუნდი ისევ შეუყვარდეთ.
პირველად აქ 5 წელი გავატარე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. იმედი მაქვს, ერთ ან ორ ტიტულს მოვიგებთ და, თუ შესაძლებელი იქნება, ამის შემდეგაც დავრჩები.
მახსოვს, როცა აქ პირველად მოვედი, ჟურნალისტების 90-95 პროცენტი ევროპაში მეშვიდე ან მერვე გუნდად გვთვლიდა. თუ 30 მოგება და 7 ფრე გვქონდა, ხოლო ესპანეთმა ჩვენი რეკორდი ახლახან დაამხო, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგი გავაკეთეთ.
თუ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება, ჩვენ სახიფათონი ვიქნებით. ვეცდებით შევკრიბოთ შემადგენლობა, რომელიც ერთა ლიგის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გავა, ამის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვიფიქრებთ.'' - რობერტო მანჩინი
რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები მისი ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს, ერთა ლიგაზე, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
Mancini speaks about his return 🎙️🇮🇹#Azzurri #VivoAzzurro pic.twitter.com/Xe586CBFmH
— Italy ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri_En) July 29, 2026