"მანჩესტერ იუნაიტედი - ვულვზის მატჩის მსაჯმა დისკვალიფიკაცია მიიღო
ინგლისის პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩში - "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვულვზი" - დაშვებული შეცდომების გამო, შეხვედრის მთავარი არბიტრი საიმონ ჰუპერი დასაჯეს და მას შემდეგი ტურის გამოტოვება მოუწევს.
კონკრეტულად, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩისას, სათამაშო დროის მიწურულს, "წითლების" მეკარე, ანდრე ონანა მეტოქე გუნდის ორ ფეხბურთელს შეეჯახა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, ვიდეო ასისტენტ რეფერის ოთახში მომუშავე მაიკლ სეილსბერიმ და მისმა ასისტენტმა რიჩარდ ვესტმაც გადაწყვეტილება უცვლელი დატოვეს. სამივე მათგანმა შემდეგ ტურში დისკვალიფიკაცია მიიღო.
პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა დერმოტ გალაჰერმა გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ ჰუპერს ეს VAR-ის დახმარების გარეშეც უნდა დაეფიქსირებინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რაფაელ ვარანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით - 1:0 იმარჯვა და სეზონი 3 ქულით დაიწყო.