გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვესტ ჰემი" ჯესი ლინგარდის იჯარაზე შეთანხმდნენ. წყაროს მტკიცებით, ლინგარდი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "ვესტ ჰემის" მაისურით იასპარეზებს.
იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ლონდონური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1.5 მილიონ ფუნტს გადაუხდის. ჯესი ლინგარდის ხელფასს ასევე "ვესტ ჰემი" გადაიხდის.
როგორ შედგა გარიგება?
ლინგარდის იჯარით "შეფლდი", "ნიუკასლი" და "ვესტ ბრომვიჩი" ასევე ინტერესდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა "მარსელმა" პრემიერ ლიგის გრანდს ოფიციალური მოთხოვნითაც მიმართა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში წარმატებული ასპარეზობის გამო, "ვესტ ჰემი" მოწინავე პოზიციებზე იმყოფება - აღნიშნულიდან გამომდინარე, ლინგარდმა ლონდონურ კლუბში გადასვლა ამჯობინა.
ჯესი ლინგარდის იჯარის შემდეგ, საიდ ბენარმას ტრანსფერი გაოფიციალურდება. "ვესტ ჰემმა" ბენარმა "ბრენტფორდიდან" იჯარით დაიმატა, თუმცა მალევე საიჯარო ხელშეკრულება გააუქმა და ოფიციალური ტრანსფერი განახორციელა. "ვესტ ჰემს" მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვს. ლინგარდისა და კრეიგ დაუსონის ხელშეკრულებების შემდეგ, ლონდონელებმა საიჯარო ლიმიტი ამოწურეს.
რატომ დაინტერესდა "ვესტ ჰემი" ლინგარდის იჯარით?
"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა. დევიდ მოიესმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მოიესს იმ ფეხბურთელის დამატება სურდა, რომელთანაც "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობდა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მოიესის მოღვაწეობის პერიოდში ლინგარდს მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშია, თუმცა 2013 წლის პრე-სეზონზე არაერთ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მიმდინარე თვის დასაწყისში "ვესტ ჰემმა" სებასტიან ჰალერი დაკარგა, ამიტომ ლონდონელებს შეტევითი პოტენციალის გაზრდა ესაჭიროებათ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლინგარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა?
დიახ! მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ჯესი ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2021 წლის ივნისამდე რჩებოდა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ, კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ლინგარდი 2020 წლის ივნისამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა. ამ ქმედებით, "წითელმა ეშმაკებმა" ზაფხულში ლინგარდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგვის საფრთხე აირიდეს. 28-წლის ლინგარდმა მიმდინარე სეზონში გამართულ მატჩებში მინიმალური მონაწილეობა მიიღო.