"მან ხავის ნდობა უნდა მოიპოვოს" - ჟოან ლაპორტა ფატიზე
ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანსუ ფატი კატალონიას დატოვებდა, მაგრამ ლაპორტამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი არსად წავა.
“ბარსელონას” შემტევი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი სათამაშო დროის სიმწირეს უჩივის.
ანსუს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო საკმაო დრო გაუცდა. ფეხბურთელმა გასული წლის იანვარშიც მიიღო დაზიანება და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ მოედანზე თავი დიდად არ გამოუჩენია.
„ანსუ ფატი? მან ხავის ნდობა უნდა დაიმსახუროს. ანსუს თავისი ნიჭით ეს არ გაუჭირდება. როდესაც მოედანზე გამოვა თამაშში ცვლილებები უნდა შეიტანოს. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთან რჩება." - განაცხადა "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.
2022/2023 წლების სეზონში ფატიმ 51 მატჩი ჩაატარა და მოედანზე 1 824 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა შემტევმა 10 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.