მამარდაშვილი Vs. ალისონი | ვინ დაიცავს ლივერპულის კარს?
2024/25 წლების სეზონი დასრულდა. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელი აღარა. ქართველი მეკარე "მესტალიას" ემოციური წერილით გამოემშვიდობა და მისმა კარიერულმა გზამ "ნისლიანი ალბიონისკენ" გადაინაცვლა. მამარდა თუ ალისონი? ბრიტანული მედია ამ კითხვას უფრო და უფრო ხშირად სვამს. ერთი მხრივ, "ლივერპულს" აქვს ფუფუნება, ჰყავდეს მსოფლიო დონის ორი მეკარე, თუმცა მეორე მხრივ, არის დილემა: ორივე მათგანი ძირითადი შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. ცნობილმა სპორტულმა გამოცემა The Athletic-მა ამ საკითხს საინტერესო სტატია მიუძღვნა და მის თარგმანს მცირედი რედაქტირებით შემოგთავაზებთ.
იშვიათად ხდება, როდესაც რანგით მეორე მეკარის გაცილება ასეთ მძაფრ ემოციებს იწვევს.
უმეტესად, მეორე მეკარე, დიდ ყურადღებას არ იპყრობს. მისი ფუნქციაა, ითამაშოს მაშინ, როდესაც ძირითადი მეკარე ტრავმირებულია.
თუმცა, წლების განმავლობაში, კიაომინ კელეჰერი "ლივერპულისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრები სევდასა და სიხარულს თანაბრად ინაწილებდნენ, როდესაც იგი "ბრენტფორდის" რიგებს £18 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.
კელეჰერი "ლივერპულის" რიგებს 2015 წელს, ირლანდიური "რინგმაჰან რეინჯერსიდან" შუუერთდა. დროთა განმავლობაში, ირლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა და ნაკრებში პირველი ნომერიც მოირგო. ყოველთვის, როდესაც ალისონს თამაში უცდებოდა, კელეჰერი მას ღირსეულად ანაცვლებდა და პრემიერ ლიგის საუკეთესო N2 მეკარის სახელიც მოიპოვა.
რომ არა ალისონის სტაბილურობა, კელეჰერს "ლივერპულში" გაცილებით მეტი როლი ექნებოდა. იმის მიუხედავად, რომ გუნდთან ერთად 5 დიდი ტიტული მოიგო, 6 წელიწადში, პრემიერ ლიგაში სულ რაღაც 25 მატჩს მოუყარა თავი. ისიც აღსანიშნავია, რომ უფრო მეტის ამბიცია ყოველთვის ჰქონდა.

2024 წლის მიწურულს, ალისონს ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა. ამ პერიოდში, კელეჰერმა 10 მატჩი ჩაატარა (3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 7-ჯერ პრემიერ ლიგაში) და დაამტკიცა, რომ მისი ამბიცია უსაფუძვლო საერთოდ არ გახლდათ.
"ლივერპულის" ქომაგს გუნდში კელეჰერის დარჩენა სურდა, თუმცა ყველას ესმოდა, რომ ამისთვის, მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია სჭირდებოდა. კელეჰერი გუნდს დაემშვიდობა და მისი გაყიდვით, "ლივერპულმა" მოგება ნახა: £18 მილიონიანი ტრანსფერი შედგა მაშინ, როდესაც კონტრაქტის ამოწურვამდე არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი. თანაც, ამ დროისთვის, "ლივერპულს" მამარდაშვილის ტრანსფერი უკვე დიდი ხნის გაოფიციალურებული ჰქონდა.
ასულ ზაფხულს, "ლივერპულმა" მამარდაშვილი £29 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ქართველმა მეკარემ 1 სეზონი "ვალენსიაში" გაატარა. სავარაუდოდ, მას კელეჰერის მსგავსი წინაღობა ელოდება, რადგან არნე სლოტისთვის, ალისონი კვლავ N1 მეკარედ რჩება.

მამარდაშვილის მიზანია, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გახდეს და ცხადია, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მას არ სურს. ამ ეტაპზე, ის "ლივერპულისგან" ელოდება პასუხს, თუ რამდენად ხშირად ათამაშებენ მას მომდევნო სეზონში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამარდაშვილს "ლივერპული" გაანათხოვრებს. შესაბამისად, 24 წლის მეკარემ ეს დრო იმაში უნდა გამოიყენოს, რომ მოთმინებითა და შრომისმოყვარეობით გუნდში ადგილი მოიპოვოს. მამარდაშვილი სწავლობს ინგლისურს, თავდაჯერებულია და ლივერპულში ცხოვრებისთვის ემზადება.
"ლივერპულში" სჯერათ, რომ მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისა და ალისონის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს. მას შემდეგ, რაც გასული სეზონის სტარტზე ალისონს 2 თვე გაუცდა, მისი ტრავმიანობის შესახებ საუბრები უფრო ხშირად ისმის.

გასულ ზაფხულში, "ლივერპულმა" მამარდაშვილი დაჩქარებით შეიძინა. მას თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შემდეგ, ინგლისურმა კლუბში კარგად იცოდნენ, რომ მისი შეძენით სხვა გუნდებიც დაინტერესდებოდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ალისონის შეძენა საუდის არაბეთის კლუბებსაც სურდათ.
მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც "ლივერპულის" სათამაშო სტილს აუცილებლად მოერგება. სწორედ ამიტომ ხედავს "ლივერპული" მასში მომავალს.