Belive

მამარდაშვილი: ,,ფეხბურთის ძალა გამოჩნდა, მთელი საქართველო გავაერთიანეთ''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ,,მოამბეს'' პირდაპირ ეთერში ჩვენი გუნდის ევრო 2024-ზე ასპარეზობა შეაფასა:

,,ეს პერიოდი, დაახლოებით 2-3 წელი, ვმუშაობდით ყოველდღიურად იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და გვეთამაშა ის ფეხბურთი, რაც ამ 4 მატჩში ვაჩვენეთ.

სამწუხაროდ, ბოლოს არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ ესპანეთი შეგვხვდა. ჩემი აზრით, ეს ნაკრები ევრო 2024-ის ფავორიტია და მგონია, რომ ამ ჩემპიონატს მოიგებენ.

საბოლოო ჯამში, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. დასამახსოვრებელი შეხვედრები ჩავატარეთ და ამით ბედნიერები ვართ. საწუხაროა, რომ სახლში ვბრუნდებით, მაგრამ, არაუშავს, აუცილებლად დავბრუნდებით დიდ ტურნირებზე და ისევ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას.

ჩემი თამაშის მოტივაცია? როგორც აღვნიშნე, ყოველდღიურად ვემზადებოდი და ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ ამ ევროპაზე მაღალი დონის შეხვედრები ჩამეტარებინა და შედეგიც, ჩემი აზრით, კარგი იყო. მიხარია თუ გუნდს ცოტათი მაინც დავეხმარე. რთული მატჩები გამოვიდა, ემოციურადაც და ფიზიკურადაც დავიღალეთ. ბოლოს დაგვეტყო, რომ დებიუტანტები ვიყავით.

ჩვენ ახალი თაობა ვართ და შეგვიძლია, საქართველოსთვის კიდევ ბევრი გავაკეთოთ. ამ 4 თამაშში ფეხბურთის ძალა გამოჩნდა, საქართველო გავაერთიანეთ. ქვეყანაში ფეხბურთის გარდა არაფერი არ ისმოდა. ძალიან ბედნიერები ვართ ამ ყველაფრით. სწორედ ამიტომ, ალბათ, უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა დაეთმოს ფეხბურთის და, ზოგადად, სპორტის განვითარებას.

თითოეული ქართველისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნება იყო, რადგან დიდ ტურნირზე გასვლას ბევრი წელი ვცდილობდით. ეს ყველაფერი შევძელით, ისტორია დავწერეთ და ჩემი აზრით, თავები საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ. ამით უნდა ვიამაყოთ. სამწუხაროდ, მერვედფინალში დავმარცხდით, მაგრამ საამაყოა, რომ პირველივე ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

სად გავაგრძელებ კარიერას? ვალენსიასთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ახლა უნდა დავისვენო და შემდეგ ყველანი ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემთვის სასიკეთო იქნება. ამიტომ ჯერ ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ.'' - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.

სხვა სტატიები