მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ გუნდში არაა | რატომ მენიო და არა მამარდა?!
ქართველი გულშემატკივარის სამართლიანი მოლოდინი არ გამართლდა: UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ, ევრო 2024-ის საუკეთესო გუნდში, კარში მამარდაშვილის ნაცვლად მაიკ მენიო დგას. ეროვნული მოტივები, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი რომ გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ, მაინც ისმის კითხვა: რატომ მენიო და არა მამარდაშვილი?!
შედარებითი, სტატისტიკური ანალიზით დავიწყოთ: ევრო 2024-ზე, მამარდაშვილმა ჩაატარა 4 მატჩი, სადაც 29 ბურთი მოიგერია (საშუალოდ, 7.25 სეივი). საფრანგეთის კარის დარაჯმა, მენიომ, ძირითად შემადგენლობაში 6-ჯერ ითამაშა, სადაც 16 სეივს მოუყარა თავი (2.66 საშუალოდ).
საფრანგეთის ნაკრები თამაშობდა შემტევ ფეხბურთს და ტურნირზე, მეტოქის კარისკენ დარტყმებში მე-2 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა დაცვით ფეხბურთს და სახიფათო მომენტის განმუხტვის კომპონენტში (მაგალითად, ბურთის საჯარიმოდან გამოტანა), მე-2 პოზიციაზეა წარმოდგენილი. უდავო ფაქტია, რომ ამ გარემოებაში, მამარდაშვილის ჩართულობა გაცილებით ხშირი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მერვედფინალში გასვლაში, მამარდაშვილის წვლილი უფრო წონიანი იყო.
ამას დავუმატოთ შემდეგი ფაქტი: მამარდას ჰქონდა ისეთი ინდივიდუალური მიღწევა, რომელიც ისტორიას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შემორჩება. ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, 1 ტურნირზე, ყველაზე მეტი სეივი (32) შეასრულა რუსმა იგორ აკინფეევმა (2008-ში), 5 მატჩი ჩაატარა (6.4 სეივი საშუალოდ). 2000 წელს, 30 სეივი ჰქონდა ფრანჩესკო ტოლდოს საშ. 5 სეივი) - იმ სეზონში, იტალიამ ფინალში ითამაშა და მეორე დამატებით ტაიმში ტრეზეგეს ოქროს ბურთით დამარცხდა.
მესამე ადგილზეა მამარდაშვილი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნოთ - მამარდამ 4 მატჩში 29 სეივი შეასრულა (7.25 საშუალოდ). 1992-ში, 27 ჰქონდა ლეგენდარულ პიტერ შმეიხელს, როდესაც დანიამ სენსაცია მოახდინა და იუგოსლავიის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩამატებულმა, ტურნირი მოიგო.
შესაბამისად, 1 მატჩში საშუალო სეივების რაოდენობით, მამარდაშვილს თითოეულ მათგანზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
მენიოს გაშვებული გოლები
6 შეხვედრიდან, მენიომ კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა. მის გაშვებულ 3 გოლს შეგახსენებთ.
გაშვებულ გოლებში, მენიოს ვერავინ დაადანაშაულებდა და არასამართლიანი იქნება იმის მტკიცება, რომ ფრანგი მეკარე ამ ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული არ იყო. მეორე მხრივ, მამარდაშვილის შეცდომებზეც ვერ ვისაუბრებთ. კონკრეტულ მაგალითებს გავუყვეთ:
მამარდაშვილი Vs. თურქეთი
თურქეთთან მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა. ორი მათგანი იყო ისევე აუღებელი, როგორიც იამალის გოლი საფრანგეთის ნაკრებთან. მესამე გოლის დროს კი, მამარდაშვილი კარში საერთოდ არ იდგა, რაც არა მისი, არამედ ვილი სანიოლის გადაწყვეტილება გახლდათ.
მამარდაშვილი Vs. ჩეხეთი
მამარდაშვილის მეოთხე გაშვებული გოლი ალბათ კარგად გახსოვთ: ჩეხ თავდამსხმელს, პატრიკ შიკს, ძელიდან ასხლეტილი ბურთი, კარის ხაზიდან 1 მეტრში მოხვდა. ეს არ ყოფილა მამარდაშვილის პოზიციური შეცდომა - უიღბლობა იყო.
მამარდაშვილი Vs. პორტუგალია და ესპანეთი
პორტუგალიასთან მატჩში, მამარდაშვილი შეუდარებელი გახლდათ, თუმცა აქ მის გაშვებულ გოლებზე ვსაუბრობთ - პორტუგალიელებთან კი "ვალენსიას" კარის დარაჯმა კარი მშრალად შეინახა. მერვედფინალში სენსაციურად გასვლის შემდეგ, საქართველოს, ტურნირის გამარჯვებული, ესპანეთი ელოდებოდა.
ესპანეთისგან 4 გოლი მივიღეთ. ყველაზე კონტრავერსიული გახლდათ პირველი გოლი, რომელიც VAR-ზე არ გადაიხედა. არადა, გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ თამაშგარის ზონაში მყოფი მორატა მამარდაშვილს ეფარებოდა და შესაბამისად, მომენტზე გავლენას ახდენდა.
დასკვნა
უდავო ფაქტია, რომ მენიო იყო დამაჯერებელი ევროპის ჩემპიონატზე, მამარდაშვილი კი - გამორჩეული. მენიოს საშუალო შეფასება Euro 2004-ზე, Whoscored.com-ის მიხედვით, 6.98-ს შეადგენდა, მამარდაშვილი საშუალო შეფასება კი 7.76 გახლდათ (განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩეხეთთან 9.25). ჩეხეთის ნაკრებთან, მამარდას პერფორმანსზეც ლოთარ მათეუსმა შემდეგი სიტყვები თქვა: "ბაიერნში", მანუელ ნოიერის ღირსეული შემცვლელი იქნებოდაო.
შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც UEFA-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა მიიღო, უფრო შორეულ ეტაპზე გასული გუნდისა და ნაკლები გაშვებული გოლის სასარგებლოდ იქნა მიღებული. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მამარდაშვილი Vs. მენიოს დუელში, ევრო 2024-ზე, ცალსახა ფავორიტი ქართველი მეკარე უნდა ყოფილიყო.
ევრო 2024-ის საუკეთესო გუნდი - ვინ შეარჩია ფეხბურთელები?
UEFA-ს ოფიციალური გუნდი ასეთია:
მეკარე: მაიკ მენიო;
მცველები: კაილ უოკერი, უილიამ სალიბა, მანუელ აკანჯი, მარკ კუკურელია;
ნახევარმცველები: როდრი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი;
თავდამსხმელები: ლამინე იამალი, ჯამალ მუსიალა, ნიკო უილიამსი.
ამ შემადგენლობის შერჩევაზე, UEFA-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა იმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
ფაბიო კაპელო (ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი);
იოან ლუპესკუ (ყოფილი რუმინელი ფეხბურთელი);
მაიკლ ო'ნილი (ჩრდ. ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);
დევიდ მოიესი (ბრიტანელი მწვრთნელი, რომელსაც ევერტონში, მანჩესტერსა და სხვა ინგლისურ კლუბებში აქვს ნამუშევარი);
ალიოშა ასანოვიჩი (ხორვატი ყოფილი ფეხბურთელი. ბოლოს ზამბიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა);
რაფაელ ბენიტესი (ლივერპულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელი);
ავრამ გრანტი (ისრაელელი სპეციალისტი, წარსულში "ჩელსის" მწვრთნელი, ახლა ზამბიის ნაკრები აქვს ჩაბარებული);
პაკი ბონერი (ირლანდიელი ყოფილი ფეხბურთელი);
ფრანკ დე ბური (ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდა);
ოლე გუნარ სულშერი (ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი);
აიტორ კარანკა (მადრიდის "რეალთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული);
ჟან-ფრანსუა დომერგი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ევრო 84-ის გამარჯვებული).