მაკედონიის ნაკრების მეკარე: "საქართველოში უნდა მოვიგოთ და შემდეგ გიბრალტარს ვუგულშემატკივროთ"
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს.
მატჩის წინ, მეტოქე გუნდის მეკარემ, სტოლე დიმიტრევსკიმ, რომელსაც ამბიციური განცხადებების გაკეთება სჩვევია, მორიგი კომენტარი გააკეთა.
"როცა სახლში ბრუნდები და შენს მეგობრებთან ერთად ეროვნულ გუნდში თამაშობ, თავს კარგად გრძნობ.
ვგეგმავთ, რომ ორი კარგი მატჩი ჩავატაროთ. პირველ რიგში, გავიმარჯვოთ საქართველოში და შემდეგ დაველოდოთ კარგ სიახლეებს გიბრალტარიდან.
რაც შეეხება ბულგარეთს, ცნობილია, რომ ეს საფეხბურთო მატჩზე მეტია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული. მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ და ორივე დუელში მაქსიმუმის გაკეთებას გპირდებით", - თქვა "რაიო ვალეკანოს" მეკარემ.
ლა ლიგის გუნდის გოლკიპერმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, სკოპიეში გამართული მატჩის წინ შემდგარ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირობას დებდა მისი გუნდი ისე მოიგებდა, რომ თავად გოლს არ გაუშვებდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა - 3:0 იმარჯვა, დიმიტრიევსკის კი საკუთარი სიტყვის გატეხვაში ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი "დაეხმარნენ".
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახვეარფინალის საგზურს მოიპოვებს.