Belive

ლუკა გაგნიძე: ,,ამ ხასიათითა და მიდგომით ყველა ნაკრების დამარცხება შეგვიძლია''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ უპასუხა:

,,გამოვავლინეთ ზუსტად ის ხასიათი, რამაც აქამდე მოგვიყვანა. სწორედ ამ ხასიათითა და მიდგომით ყველა ნაკრების დამარცხება შეგვიძლია.

სათამაშო პრაქტიკა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უთამაშებელი ფეხბურთელებია. მათ შორის მეც ვარ, თუმცა ფეხბურთში მთავარია მოთმინება და შანსს უნდა დაველოდოთ.

წინა ევროპის ჩემპიონატზე თამაშით მიღებული გამოცდილება? ეს ძალიან დაგვეხმარა, თანაც იმ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ. ამ მატჩებმა ჩვენი გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. წილისყრას ველოდებით, ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან 2 თამაშით ისტორიის დაწერა შეგვიძლია.'' - ლუკა გაგნიძე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდმა დღევანდელი გამარჯვებით შვედეთს გადაუსწრო და ჯგუფში 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა.

შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.

საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და ბელგია არიან.

პლეი-ოფის წილისყრა ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვევა. მატჩები 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები