ლუის ენრიკე ფლამენგოსთან მატჩზე: ,,არ მგონია, რომ ჩვენი მეტოქე ჩვენზე მოტივირებული იყოს''
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ფლამენგოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩვენ ვიქნებით პირველი ფრანგული გუნდი, რომელიც ამ ტიტულს მოიგებს? ამ სტატისტიკის შესახებ არ ვიცოდი. ვაცნობიერებთ მატჩის მნიშვნელობას, ფინალში თამაში შესანიშნავია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და აქ ყოფნით ბედნიერები ვართ.
ვფიქრობ, ჩვენი მოტივაცია ნათელია. გასულ სეზონში მიზანი ისტორიის დაწერა იყო, ახლა კი ისტორიის წერის გაგრძელება გვსურს. ყველა ფინალი განსხვავებულია, თითოეული მოქმედება, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მიმაჩნია, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ.
რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თასს? ამის სათანადოდ შეფასება ძალიან რთულია. როცა აგებ, ამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იყო... გვაქვს შანსი, პსჟ-ს ისტორია შევქმნათ. ამ თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფლამენგოსთვის, ასევე - ჩვენთვის. არ მგონია, რომ ჩვენი მეტოქე ჩვენზე მოტივირებული იყოს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშეთ ბოტაფოგოსთან, რომელმაც ჩვენ წინააღმდეგ ღრმა დაცვა გამოიყენა. ასეთ სტილს უკვე შევეჩვიეთ. თუმცა, ფლამენგო ასე არ ითამაშებს, ეს გუნდი ბურთით ძალიან კარგად გამოიყურება, უბურთოდ კი მეტოქეს კარგ პრესინგს სთავაზობს.
ფლამენგოს ჰყავს ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა ითამაშონ მნიშვნელოვან შეხვედრებში. მჯერა, რომ საინტერესო ფინალი გველის, რადგან ორივე გუნდს მსგავსი სტილი გვაქვს. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების დონეზე ეჭვი არავის ეპარება, ბრაზილიური გუნდების წინააღმდეგ თამაში კი იოლი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველაფერი წვრილმანებზე იქნება დამოკიდებული.'' - ლუის ენრიკე
ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ფლამენგო შეხვდებიან, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
🎙️ Luis Enrique : « Nous sommes conscients de l’importance de ce match. Ça représente beaucoup pour nous. »#FIFAIntercontinentalCup https://t.co/iWGPzkeFao
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) December 16, 2025