Belive

ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2013-14 წლების სეზონში, ლუის სუარესისა და დანიელ სტარიჯის ტანდემი პრემიერ ლიგის გუნდების კოშმარად იქცა. 2013-14 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში, სუარესმა და სტარიჯმა ჯამში 52 გოლი გაიტანეს, თუმცა "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" 2-ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა. ფენომენალური სეზონის შემდეგ, ტრავმებისადმი მიდრეკილი სტარიჯის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. 2014 წლიდან, ხშირი ტრავმიანობის გამო, ინგლისელ შემტევს სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მკვეთრად შემცირდა. 2017-18 წლების სეზონში, სტარიჯი "ვესტ ბრომვიჩს" იჯარით შეუერთდა. 2019 წელს კი ახალი გამოწვევა მიიღო და "ტრაბზონში" გადავიდა. სტარიჯმა თურქული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც კვლავ ლაზარეთში აღმოჩნდა. ტრავმირებული სტარიჯი 1 წლის განმავლობაში უკლუბოდ იყო, თუმცა მოულოდნელად მორიგი გამოწვევა მიიღო.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, დანიელ სტარიჯი კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს. ინგლისელმა შემტევმა "პერთ გლორის" წინადადება მიიღო და A-ლიგის ბინადარი კლუბის ღირსებას დაიცავს. ავსტრალიურმა კლუბმა სტარიჯის ტრანსფერი ყველა დროის ყველაზე გახმაურებულ გარიგებად შეაფასა - თავად სტარიჯმა კი აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ახალი თავგადასავლის დაწყებას.
"ფანტასტიკური შესაძლებლობაა ახალი გამოწვევის მისაღებად. მათ წინადადებას უყოყმანოდ დავთანხმდი - ჩემი ტალანტისა და შესაძლებლობების კონკურენტუნარიან საფეხბურთო ჩემპიონატში წარმოჩენის შესაძლებლობა მომეცა. მინდა ფეხბურთის თამაშით ვისიამოვნო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - აღნიშნა დანიელ სტარიჯმა.
 

სხვა სტატიები