"დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით" - მო სალაჰი ტრენტს დაემშვიდობა
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი "ლივერპულს" დატოვებს და მადრიდის "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი, ტრენტი მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ტრენტის გუნდიდან წასვლას, "ლივერპულის" სუპერვარსკვლავი მო სალაჰი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ასევე ემოციური პოსტი განათავსა და მეგობარს წარმატება უსურვა.
დიდი პატივი იყო შენთან განსაკუთრებული მეგობრობის გაზიარება და შენს გვერდით თამაში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და დაწრმუნებული ვარ, რომ კიდევ შევხვდებით. - მო სალაჰი.
შეგახსენებთ, რომ ტრენტი "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 351 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 23 გოლის გატანა და 92 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან გუნდთან ერთად 2 ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერ თასი, FA თასი, 2 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერ თასი და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.