Belive

ლივერპული რეალურ საგოლე მომენტებს ვერ იყენებს | რა ხდება კლუბში?

6 საათის წინ ფეხბურთი
5 წთ

„იმის ფონზე, რამდენ მომენტსაც ვქმნით, დაუჯერებელია, რომ მეტი გოლი არ გაგვაქვს“.

ეს სიტყვები არნე სლოტს ეკუთვნის. ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ეს განცხადება გასულ კვირას, პრესკონფერენციაზე გააკეთა. მედიასთან შეხვედრის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ლივერპული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მეათედ დამარცხდა.

მთავარმა მწვრთნელმა ერთ-ერთ რეპორტიორს შენიშვნაც კი მისცა - ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გუნდს „პირველ ტაიმებში გოლის გატანა უჭირს“, რაზეც სლოტმა უპასუხა, რომ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია და რომ ის მთელ თამაშზე ვრცელდება. ნიდერლანდელმა ასევე დასძინა, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გასაკვირია იმ „მაღალი ხარისხის მოთამაშეების ფონზე, რომელიც გუნდს შეტევის ხაზსა თუ სხვა რგოლებში ჰყავს“.

ჯამში, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლივერპულმა 55 რეალური საგოლე შანსი გაანიავა. ჩემპიონთა ლიგაზე - 41, ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე - 3, ინგლისის ლიგის თასზე - 2, ხოლო FA Cup-ზე კი - 1.

ჩნდება კითხვა: რატომ ვერ იყენებს გუნდი ამდენ მომენტს და არის თუ არა მდგომარეობა ისეთივე საგანგაშო, როგორც ამას სლოტი აღწერს?

რას ამბობს სტატისტიკა?

მომენტების გაფლანგვა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და მისი სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია. რეალობა ასეთია: Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში გუნდი ერთ მატჩში საშუალოდ უფრო ცოტა რეალურ საგოლე შანსს ანიავებს, ვიდრე შარშან - როდესაც ჩემპიონები გახდნენ (მწვრთნელი მაშინაც არნე სლოტი გახლდათ). თუმცა, ფაქტი უცვლელია: ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ეს ლივერპულის რიგით მეორე ყველაზე არაეფექტური სეზონია.

სეზონი

გაფლანგული რეალური შანსები 1 მატჩში

2019/20

1.82

2020/21

1.74

2021/22

1.6

2022/23

1.81

2023/24

2.05

2024/25

2.36

2025/26

2.17

მიმდინარე სეზონში ლივერპულზე მეტი რეალური საგოლე შანსი მხოლოდ სამ გუნდს - მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს აქვთ გაფლანგული. გარკვეულწილად, ეს მოულოდნელი არც არის: რაც უფრო მეტ მომენტს ქმნი, მით მეტია მათი ვერგამოყენების ალბათობა. ამიტომ ამ სტატისტიკის სათავეში, როგორც წესი, პრემიერ ლიგის ლიდერები არიან.

თუმცა, ლივერპულს კიდევ ერთი, გაცილებით საგანგაშო მაჩვენებელი აქვს: გუნდი რეალური შანსების ვერგამოყენების პროცენტული მაჩვენებლით (32.9%) ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

გუნდი

ვერგამოყენებული მომენტები

რეალიზაცია

მანჩესტერ სიტი

61

35.8%

მანჩესტერ იუნაიტედი

58

34.8%

არსენალი

56

37.1%

ლივერპული

55

32.9%

ბრენტფორდი

53

43.6%

ჩელსი

52

45.3%

კრისტალ პალასი

49

35.5%

ნიუკასლი

49

31.9%

ასტონ ვილა

46

27%

ლიდს იუნაიტედი

45

35.7%

ბორნმუთი

44

38%

ბრაიტონი

44

36.2%

ევერტონი

34

39.3%

ვესტ ჰემი

34

37%

სანდერლენდი

34

33.3%

ტოტენჰემი

33

38.9%

ფულჰემი

31

40.4%

ნოტინგემ ფორესტი

31

38%

ბარნლი

27

42.6%

ვულვზი

23

41%

ლივერპული ცხრილის ქვედა ნაწილშია დარტყმების სიზუსტითაც (43.08%), ხოლო რეალური საგოლე შანსების რეალიზაციის მაჩვენებლით კი (32.93%) - ბოლოდან მესამეზე. თუ ამ მონაცემებს დარტყმების საერთო რაოდენობას (487) შევადარებთ, რაც ჩემპიონატში მეორე მაჩვენებელია და მხოლოდ ხუთით ჩამორჩება მანჩესტერ სიტის, სლოტის უკმაყოფილების მიზეზი აშკარა ხდება.

პრობლემა ვრცელდება ჩემპიონთა ლიგაზეც. 24 გატანილი გოლით, ლივერპული ტურნირზე მერვე ადგილზეა, თუმცა კლუბის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (27.67 xG) მეორეა და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება მიუნხენის ბაიერნს (28.59). შედარებისთვის: პარი სენ-ჟერმენი, რომელსაც ტურნირზე ყველაზე მეტი - 34 გოლი აქვს გატანილი, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლით (სულ რაღაც 25.21 xG) ლივერპულზე უკანაა.

გუნდი

ვერგამოყენებული საგოლე შანსი

ლივერპული

41

მიუნხენის ბაიერნი

34

პარი სენ-ჟერმენი

32

არსენალი

31

მადრიდის რეალი

28

ინტერი

27

მონაკო

25

ატალანტა

23

ნიუკასლი

22

გალათასარაი

20

ბოდო/გლიმტი

20

მანჩესტერ სიტი

20

მიმდინარე სეზონში, ლივერპული კარის მიმართულებით დარტყმას შედარებით შორი დისტანციიდან ცდილობს, რის გამოც xG კომპონენტი ოდნავ შემცირებულია.

ვინ ვერ იყენებს საგოლე მომენტებს?

მთავარი „დამნაშავეები“ ჰუგო ეკიტიკე, მოჰამედ სალაჰი და კოდი გაკპო არიან, თუმცა არნე სლოტს თავისუფლად შეუძლია შეადგინოს კურიოზული კადრების მთელი კრებული, რომელიც „სეზონის ყველაზე ცუდი აცილების“ ნომინანტებით იქნება სავსე.

მაგალითისთვის, ლიდს იუნაიტედთან შინ გამართული უგოლო ფრის (0:0) დროს, ეკიტიკემ რაღაცნაირად მოახერხა და ვერ გამოიყენა იდეალური შანსი, როდესაც ჟერემი ფრიმპონგის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან დარტყმისას გოლის გატანა უფრო ადვილი ჩანდა, ვიდრე აცილება.

დიაგნოზი დასმულია. არნე სლოტმა ლივერპულის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაზე საჯაროდ უკვე ისაუბრა. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ნიდერლანდელი მის გამოსწორებას სეზონის ბოლომდე.

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით.