Belive

ლივერ'ქ'ული - ზღაპრული წელი, ევროპაში საუკეთესო 

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის მოქმედმა გამარჯვებულებმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს. "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" თავიანთ ლიგებში ლიდერობას ვერ ახერხებენ, "ბარსელონასა" და "პსჟ-ს" კი არადამაჯერებელი სათამაშო ფორმა აქვთ. სამაგიეროდ, შესანიშნავ შედეგსა და ცხადია თამაშსაც აჩვენებს "ლივერპული". იურგენ კლოპის შექმნილი გუნდი, რომელმაც გერმანელის გეგენპრესინგის, შემტევი, ლაღი ფეხბურთის და იქვე გაუვალი დაცვის მეშვეობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საშინაო სარბიელზე წარმატებამდე კი ზუსტად ერთი ნაბიჯი დააკლდა. მერსისაიდელებმა საკლუბო დონეზე ხომ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და თავად პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის დამგროვებელი, თუმცა უტიტულოდ დარჩენილი გუნდის სახელიც მიიღეს. რამდენიმე უიღბლოდ დაკარგული ქულის და "სიტისთან" მინიმალური ჩამორჩენისთვის რევანშის აღებას ინგლისის ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე სეზონში აპირებს და ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ მისიას თავი ვერ გაართვას.
"წითლებმა" მიმდინარე გათამაშება შთამბეჭდავად დაიწყეს და 16 ტურის შემდეგ ევროპულ ელიტაში ერთადერთი წაუგებელი გუნდის სტატუსს ინარჩუნებენ (15 გამარჯვება, 1 ფრე), თუმცა ეს ყველაფერ როდია, კლოპის ბიჭებს პრემიერლიგაში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და ამ პერიოდში დაგროვებული 73 ქულით ხუთივე ჩემპიონატში ლიდერობენ. მეორე ადგილს ესპანეთის ჩემპიონი იკავებს - "ბარსელონა" "ლივერპულს" 12 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე "ინტერია", ანტონიო კონტეს გუნდი 9-წლიანი შესვენების შემდეგ ტიტულის დაბრუნებას ესწრაფვის და ბოლო 7 სეზონის ჩემპიონ "იუვენტუსს" 18 ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლაში 2 ქულით ამარცხებს, მერე კი გვარდიოლას და ტომას ტუხელის გუნდები მოდიან. საინტერესოა, რომ ბოლო 25 შეხვედრაში ტოპ ევროპულ ლიგებში დაგროვილი ქულებით მეექვსე ადგილზე "ატალანტაა" - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. ჩემპიონების გარკვევამდე წინ კიდევ 7 თვე და არაერთი დიდებული საფეხბურთო მომენტია, მაგრამ ფაქტია, 2019 წლის "ლივერპული" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სახელით შევა.

სხვა სტატიები