ლევან კორღალიძე: "ის შემთხვევა არ იყო, როცა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ"
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღის სცენარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწერა: იბერია 1999-მა ხეტაფე 1:0 დაამარცხა და გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც ევროტურნირების ფინალური ეტაპის მატჩში გამარჯვება შეძლო. მატჩის შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.
გოლიც, რომელიც გავიტანეთ, დაგეგმილი იყო. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და სასიხარულოა, რომ დაგეგმილს ვასრულებთ და სწორ ანალიზს ასეთი შედეგი მოჰყვა. ყველაფერი არ გამოგვივიდა, რაც დავგეგმეთ, თუმცა ეს თამაშის ხარისხზე არ აისახა. ორმაგად სასიხარულოა, რომ ჯგუფში ნავსი გავტეხეთ და მოვიგეთ. ხეტაფესთან მატჩში ის სტერეოტიპიც დაირღვა, რომ კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ. მადლობა ყველას, უპირველესად გულშემატკივრებს, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია.
პირველი გოლი ეროვნულ ლიგაშიც გაგვიტანია, რის შემდეგაც გუნდი იმაზეა ორიენტირებული, რომ გოლი არ გაუშვას და დაცვიდან თამაშობს. ახლაც ასე მოხდა – მეტოქე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკან დახევა ჩემი დავალება იყო. საბედნიეროდ, დღეს უფრო თამამები ვიყავით და მეტს ვუტევდით. კარგია, რომ პირველი გოლის შემდეგაც მაღალ პრესინგს ვთამაშობდით.
- განაცხადა ლევან კორღალიძემ
იბერიაა ის გუნდი, რომელმაც ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე ჯერ ქულა აიღო (ფრე მალბიუსთან) და ამჯერად პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ აქამდე, ევროტურნირებზე (უეფას თასი), მხოლოდ თბილისის დინამომ ითამაშა (2004/2005 წლების სეზონში), თუმცა ჯგუფის ოთხივე მატჩში დამარცხდა.