Belive

კობიაშვილი: ,,კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ისაუბრა ფედერაციის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს:

,,ცხადია, ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაც სამწუხარო ფაქტია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე.

ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, ისევე როგორც ნებისმიერი მოთამაშის, რასაკვირველია, ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვერაფერს ვეღარ ვუშველით.

ახლა მთავარია, რომ ყურადღება ამ მნიშვნელოვან მატჩს დავუთმოთ, რომლამდეც ერთიანობით მოვედით. ყველამ ერთად შევძელით ის, რომ მარტში ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის.

ჩვენ გვყავს ისეთი ძლიერი გუნდი, რომ დარწმუნებული ვარ, 21 მარტს ამ მატჩის მოგებას შევძლებთ.''

2015 წელს დაწერილ პოსტზე, სადაც მსგავსი შეცდომის გამო, კობიაშვილი იმჟამინდელი ფედერაციის გადადგომას ითხოვდა: ,,ჩემი განცხადება, რაც 2015 წელს გავაკეთე, ეს იყო ზოგადი ხედვა და ზოგადი მესიჯი იმ პრობლემაზე, რაც უშუალოდ ფეხბურთის მიმართებით ხდებოდა.

ჩვენ ვსაუბრობთ დღეს სად ვართ, რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და სად მივედით ამ ერთიანობით. უკვე მეორედ გვაქვს იმის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემებიც იყო და სწორედ ამის გამოიძახილია ის ჩემი მესიჯი.

განსხვავება ძალიან დიდია - სად იყო მაშინ ჩვენი ნაკრები, სად თამაშობდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რა თამაში გველის წინ, რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, რა პირობებში ვარჯიშობს ნაკრები?! 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. უამრავი სხვა პოზიტივი და ხედვა გაგვაჩნია, ეს ყველაფერი ერთიანობამ მოიტანა.'' - თქვა კობიაშვილმა იმედის ეთერში

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება. შეხვედრა 2024 წლის 21 მარტს, თბილისში გაიმართება.

  • მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება

  • ფინალური მატჩი 26 მარტს ჩატარდება, მასპინძელი კი 23 ნოემბერს გაირკვევა.