L'Équipe-მა ილგიზ ტანტაშევის მსაჯობა 1 ქულით შეაფასა
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.
ტანტაშევის ასეთმა სამარცხვინო მსაჯობამ მატჩის შემდეგ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია - გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა 'L'Équipe'-მა უზბეკ არბიტრს შეხვედრის საშინელი წარმართვისთვის 10-დან 1 ქულა დაუწერა.
ეს არის ყველაზე დაბალი და დამამცირებელი შეფასება, რაც კი ოდესმე საფეხბურთო მატჩის მსაჯს მინიჭებია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მსაჯობის მასშტაბებს, რომელსაც მოედანზე ჰქონდა ადგილი.
L'arbitre du match Paraguay-France a écopé de la pire note possible dans notre journal. Il est totalement passé à côté de son match ne donnant aucun carton aux joueurs du Paraguay.
— L'Équipe (@lequipe) July 5, 2026
➡️ https://t.co/MMIYA14Cc0 pic.twitter.com/972YTtIwGI
ფრანგები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ პარაგვაელების არასპორტულ საქციელებს არ აჰყოლოდნენ.
საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება - მატჩი 10 ივლისს გაიმართება.