ლეგენდები კვლავ ერთად - პერიშიჩი და რაკიტიჩი სამშობლოში ითამაშებენ
ხორვატული ფეხბურთის ლეგენდები - ივან რაკიტიჩი და ივან პერიშიჩი ეროვნული ნაკრების შემდეგ კვლავ ერთად, ამჯერად სამშობლოში, კერძოდ კი სპლიტის "ჰაიდუკში" ითამაშებენ.
ივან პერიშიჩი უკვე კლუბის ოფიციალური წევრია და სამშობლოში მისი წარდგენა შედგა. ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი კლუბში 4-ნომრიანი მაისურით მომავალი 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
რაც შეეხება ივან რაკიტიჩს, რაკიტიჩმა ხორვატულ კლუბთან კონტრაქტის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. 36 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთიდან სამშობლოში 9 ივლისს ჩაფრინდება და კლუბთან კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს.
როგორც ჩანს, ხორვატული ფეხბურთის ლეგენდებმა კარიერის ბოლო სეზონების გატარება სამშობლოში გადაწყვიტეს, რადგან არცერთ მათგანს საფეხბურთო კარიერა სამშობლოში არ დაუწყია.
ივან პერიშიჩი საფეხბურთო სამყარომ ჯერ "სოშოდან", შემდეგ კი "ვოლფსბურგიდან" გაიცნო, ივან რაკიტიჩის კარიერა კი "ბაზელში" დაიწყო, შემდეგ კი "შალკეში", "სევილიაში" და "ბარსელონაში" განვითარდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანს ხორვატიის ეროვნული ნაკრების მაისურით ასზე მეტჯერ მოურგიათ. მეტიც - ივან პერიშიჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტჯერ (134-ჯერ) უთამაშია. ამ სტატისტიკაში კი ივან რაკიტიჩი 106 ჩატარებული მატჩით მე-5 პოზიციას იკავებს.