ლარნესთან ბართიშვილს არსენალის სკაუტები აკვირდებოდნენ
არსენალი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ახალგაზრდა ტალანტის თვალყურის დევნებას განაგრძობს - ლონდონელებმა, ამ კვირაში, ანდრია ბართიშვილის საქმეში შესამოწმებლად სკაუტები მიავლინეს.
„მეთოფეების“ წარმომადგენლები სამშაბათს იბერია 1999-სა და ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრნენ (Daily Mail).
მისი პირდაპირი, აგრესიული დრიბლინგის, ბურთის კონტროლისა და შეტევითი ალღოს გამო, 17 წლის შემტევ ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიასაც კი ადარებენ. პარიზული გრანდიც ყურადღებით აკვირდება მოზარდს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერით სერია A-ს რამდენიმე კლუბიც დაინტერესდა.
ევროპული კლუბების მხრიდან მზარდი ინტერესის ფონზე, ტრანსფერი უკვე ჰორიზონტზეა და გარიგებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. არსენალის ბოლო "დაზვერვითი მისია" მიანიშნებს, რომ ლონდონელები ბართიშვილისთვის ბრძოლაში პირველ ადგილზე დარჩენას გეგმავენ.