Belive

ლაპორტასა და დეკუს გადაუდებელი შეხვედრა | რა ხდება ბარსელონას დახურულ კარს მიღმა?

8 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, ბარსელონას ბაზაზე დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. სამშაბათს დილით, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი - დეკუ, საწვრთნელ კომპლექსში ადრიანად გამოჩნდნენ. ჰანსი ფლიკთან და ფეხბურთელებთან მოკლე მისალმების შემდეგ, ხელმძღვანელობამ გადაუდებელი თათბირი გამართა, რათა 1 სექტემბრამდე დარჩენილი პრიორიტეტული სატრანსფერო საკითხები საბოლოოდ გადაჭრას.

დღის წესრიგში გამოკვეთილი ცენტრფორვარდის დამატება დგას. რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, სპორტული მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ გუნდს შეტევის დაგვირგვინებაში კლასიკური „ცხრიანი“ ჰაერივით სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო - მათ შორის ელჩე 5:0 გაანადგურა და შეტევაში რაფინიას, ენტონი გორდონისა თუ ჰამზა აბდელკარიმის სახით დიდი რესურსი აქვს, კლუბში თვლიან, რომ თითოეულმა მათგანმა თავის ბუნებრივ პოზიციაზე უნდა ითამაშოს.

ფორვარდის ძიების პარალელურად, ყურადღების ცენტრშია ალექსანდრო ბალდეს მომავალიც. ესპანელი მცველით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული, რომელიც იჯარის ვარიანტს განიხილავს, თუმცა ბარსელონა მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზეა თანახმა. ბალდეს წასვლის შემთხვევაში, კატალონიელები დაცვის მარცხენა ფრთისა და ცენტრის გასაძლიერებლად ბაზარზე გასვლას გეგმავენ.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები კატალონიაში ყოველთვის განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად ბარსელონას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. ფლიკის ახალ პროექტს წარმატებული სტარტი აქვს, მაგრამ შემადგენლობის საბოლოო დაკომპლექტებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ ტემპში ასპარეზობას. ლაპორტასა და დეკუს მაგიდაზე საათი უკვე უკუღმა ითვლის. უახლოესი 7 დღე აჩვენებს, შეძლებს თუ არა კატალონიური გრანდი შემადგენლობის იდეალურად შევსებას თუ რისკზე წასვლა არსებული რესურსით მოუწევს.

სხვა სტატიები