ლაპორტა: "ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მოვთხოვეთ, რომ ელ კლასიკო გადათამაშდეს..."
ლა ლიგის 32-ე ტურში 'ელ კლასიკო' შედგა. "რეალმა" ბერნაბეუზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ისევე, როგორც ჩემპიონატის პირველ წრეში, გამარჯვება მოიპოვა. ბარსელონა შეხვედრას ორჯერ იგებდა, თუმცა რეალმა ორივე შემთხვევაში სწრაფად გაათანაბრა, მატჩის 91-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა.
შეხვედრაში იყო მომენტი, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლამინ იამალმა მიმართულება ისე შეუცვალა, რომ მადრიდელთა კარში წავიდა, ლუნინმა შეძლო მოგერიება, მაგრამ მთავარი კითხვაა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, VAR-მა გოლი გააუქმა. ესპანეთის ჩემპიონატში კი კარის ხაზის ტექნოლოგია არ არსებობს.
ამ ფაქტის შესახებ, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ ისაუბრა.
"ჩვენ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ თხოვნით, რომ გამოგვიგზავნონ ყველა ფოტო და ვიდეო მტკიცებულება ლამინე იამალის გაუქმებული გოლის შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ მოხდება მათი მხრიდან ფოტოებისა და ვიდეოების წარდგენა და დადგინდება, რომ გოლი ჩასათვლელი იყო, არ გამოვრიცხავთ მატჩის ხელახლა გადათამაშების მოთხოვნას.
ამ საქმეს ბოლომდე გავყვებით და არაფერს გამოვრიცხავთ..." - ჟოან ლაპორტა
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური დარჩა, რეალი მეორეზე მყოფ ბარსელონას 11 ქულით უსწრებს, რითიც ჩემპიონის ბედი, თითქმის უკვე გადაწყვეტილია.