ლამინ იამალი: "სპორტსმენებს საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ"
ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი - ლამინ იამალი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ თავისი ფენომენალური თამაშით, არამედ საჯარო გამოსვლებში გამოვლენილი თავდაჯერებულობითაც ექცევა. 15 წლის ასაკში სადებიუტო მატჩის ჩატარებიდან სამ წელზე მეტი გავიდა - დღეს იგი უკვე ესპანეთის სამგზის ჩემპიონია (2023, 2025, 2026), ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
მიუხედავად ასეთი აღზევებისა, მისი თამამი განცხადებების გამო ზოგიერთი გულშემატკივარი თუ ექსპერტი მას ხშირად ამპარტავნობასა და პროვოკაციულ ქცევაში ადანაშაულებს.
გამოცემა 'L’Équipe'-სთან ვრცელ ინტერვიუში 19 წლის ფეხბურთელმა ამ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებს არასწორად იღებს.
„ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ჩემზე ასე უაზროდ საუბრობენ, უბრალოდ მეხუმრებიან. როდესაც პრესკონფერენციას ვუყურებ, თავადაც მიყვარს იმ სპორტსმენების მოსმენა, რომლებიც გულით ლაპარაკობენ, საკუთარ აზრს გულწრფელად გამოხატავენ და მაცინებენ.
ასე რომ, ხალხი ცდება, როდესაც ასეთ იარლიყებს მაწებებს. უბრალოდ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება უბრალოდ არ არის ჩვეული იმას, როდესაც ვინმე კითხვებს სრული გულწრფელობით პასუხობს“, - ლამინ იამალი
ესპანელი გარემარბის თქმით, მისი საუბრის მანერა არა სხვებისადმი უპატივცემულობა ან ქედმაღლობა, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებულობა და ბუნებრიობაა, რის გარეშეც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლებელია. იამალი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შაბლონური და ბანალური პასუხების ეპოქა უნდა დასრულდეს და სპორტსმენებს საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ.