Belive

„ლა მასიის“ სამმა აღზრდილმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო სამიზნე, ალეხანდრო ბალდე, ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ესპანელი მცველი „ელჩესთან გასვლითი მატჩისთვის დასახელებულ 21-კაციან განაცხადის მიღმა დარჩა. 

ბალდეს განაცხადს მიღმა დატოვებამ ბრიტანულ და ესპანურ მედიაში ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ 20 წლის მარცხენა მცველი „ოლდ ტრაფორდელთა“ მთავარი პრიორიტეტი გახდა. „იუნაიტედი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარა და სავარაუდო ტრანსფერის პირობებიც განიხილა.

Sport Witness-ზე დაყრდნობით ესპანური მედია იუწყება, რომ პორტუგალიელი აგენტი კატალონიაში იმყოფებოდა, სადაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს თავისი ორი კლიენტის - ალეხანდრო ბალდესა და მარკ კასადოს მომავალზე აწარმოებდა. აღნიშნული ვიზიტის პირველადი მიზანი კი ჟოაო კანსელოს „ბარსელონაში“ დაბრუნების დეტალების შეთანხმება გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბალდეს განაცხადს მიღმა დატოვება „მანჩესტერ იუნაიტედში“ მის შესაძლო ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

„ბარსელონა“ შეიძლება დატოვოს ჰექტორ ფორტმაც. Sport Bild-ის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსია“ მარჯვენა მცველის შეძენის მთავარი ფავორიტია. გერმანული გამოცემა იუწყება, რომ „დორტმუნდმა“ კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო. თავად „ლა მასიას“ აღზრდილი მცველი ბუნდესლიგაში ძალების მოსინჯვას დადებითად უყურებს, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია.

„ბარსელონა“ ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, რაც „ბორუსიასთვის“ მიუღებელია - განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბმა იანის კონსტანტელიასისა და იოი ვეერმანის ტრანსფერებში უკვე სოლიდური თანხა დახარჯა. შესაბამისად, „დორტმუნდი“ ფორტის იჯარით აყვანას ეცდება. 

სხვა სტატიები