კვარაცხელია | ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ!
,,თუ ვარჯიშზე არ მოგკლეს, ფეხზე უნდა წამოდგე" - ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა სამეგრელოში გაატარე. გვითხარი საქართველოს ამ კუთხის შესახებ და რას ნიშნავს ის შენთვის? - ჩემი მშობლიური კუთხეა - ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ, რომ იქ წავიდე. სამეგრელო ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ ყველასთან, ვინც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს. რეგიონის რელიეფი განსხვავებულია, არის ორივე - მთაც და დაბლობიც. სამეგრელოში მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ისინი ბევრს მუშაობენ და ცდილობენ რაღაც მოიყვანონ, შეინახონ ფერმები. - შენ მეგრელი ხარ, არა? - დიახ, გვარის დასასრულიც სწორედ ამას ამბობს. მეგრელები საქართველოს სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსხვავდებიან. მაგალითად, სამზარეულო - გვაქვს ელარჯი, რომელიც ჩვენი ხელწერაა. სამეგრელო ლამაზი ადგილია და ყველას ვურჩევ მის მონახულებას. ყველა რეგიონი საქართველოში ლამაზია. როდესაც ტურისტები ჩამოვლენ, უნდა სცადონ და რაც შეიძლება ბევრი ადგილი ნახონ, რადგან ერთის არჩევა რთულია.



ფიქრობდა, რომ მამა მესისა და რონალდუზე უკეთესია - მამა, ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია. იყო ის შენი პირველი მწვრთნელი? - რა თქმა უნდა, მაგრამ არასდროს მომხდარა, რომ ვარჯიში ეიძულებინა ან მოედანზე გავეგდე. ეს ყოველთვის ჩემი პირადი სურვილი იყო. მამაჩემმა კარიერის მანძილზე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა. მან მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. - მას ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. რა გახსოვს აქედან? - არა, არაფერი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა, გვაქვს თამაშების ჩანაწერები და მათ ვუყურებ. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ რონალდუ და მესი საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მათზე კარგად თამაშობდა. - რატომ აირჩია მამაშენმა აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები? - ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის რთულია, რადგან საკითხს არ ვეხებით და მასზე ბევრს არ ვსაუბრობთ. მამაჩემმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშით მართლა ძალიან დიდი დრო დახარჯა. ვფიქრობ, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. არც მახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე საქართველოს. - ახლა ის საქართველოში ცხოვრობს. რას საქმიანობს? - რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ეს ნაწილობრივ ჯანმრთელობის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. უკეთესი იქნება თუ სახლში იჯდება და ჩემს თამაშებს უყურებს. რუბინში სლუცკის მოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა ქართველი გუნდიდან წავიდა, ზაფხულში ზურიკომაც დაგვტოვა. მოიწყინე იმ მომენტში? - პირველად ზურიკოსთან ერთად ვიყავით, მაგრამ როდესაც წავიდა, კი, მარტო დავრჩი. შესაბამისად, ახლა რუსულად უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე მანამდე. გუნდში ნიკა ყიფიანი გვყავდა, ის კი გადათარგმნაში გვეხმარებოდა. რუსული ენის ამბავი ასეთია: მასწავლებელი მოვიდა და პირველი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ყველაფერი კარგად იყო. მეორე გაკვეთილზე მან გრამატიკის ახსნა დაიწყო და მივხვდით, რომ ეს ძალიან რთული იყო. საბოლოოდ, სწავლის გაგრძელებაზე არ დათანხმდნენ. - რაც შეეხება რუსულ ენას სკოლებში? - მესამე კლასის შემდეგ, საქართველოში ყველა სწავლობს ინგლისურსა და რუსულს. - ანუ, შენ კარგად არ გისწავლია? - არა, არა, გულმოდგინედ ვსწავლობდი მეცხრე კლასამდე, მაგრამ შემდეგ მთავარ გუნდთან ერთად დილის ვარჯიშები დაიწყო. გაკვეთილებზე აღარ ვყოფილვარ. დღესდღეობით, თინეიჯერები საქართველოში რუსულს აღარ სწავლობენ, ყველამ ინგლისური იცის. თუმცა, უფროსების თაობა რუსულად საუბრობს. - როგორია შენს თაობაში რუსეთის მიმართ ზოგადი დამოკიდებულება საქართველოში? - პოლიტიკური კითხვაა. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. - საინტერესოა თქვენი აზრი ყაზანისა და თათრეთის შესახებ. არის რაიმე სხვაობა დანარჩენი რუსეთისგან? - შესაძლებლობა არ მქონია, რომ რეგიონის თავისებურებები გამომეცადა. კვლავაც, უმეტეს დროს ბაზაზე ვატარებ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩაკ-ჩაკი ძალიან მიყვარს. ის გემრიელია! - რუბინში გადმოსვლის შემდეგ, იცოდი სად მოდიოდი? - ვიცოდი, რადგან ამ გუნდში ბევრ ქართველს უთამაშია. ტრანსფერამდე ნუკრი რევიშვილთან, ლაშა სალუქვაძესთან და დავით კვირკველიასთან ვისაუბრე. - მაშინ 18 წლის იყავი. როგორ დაუკავშირდი უკვე ზრდასრულ ფეხბურთელ, ლაშა სალუქვაძეს? - "დინამოში" ჩვენ ერთად ვიყავით. მე მაშინ ვიწყებდი, ის კი კარიერას ამთავრებდა. საწვრთნელი შეკრებები მასთან ერთად გამიტარებია.

მაკედონიასთან მატჩის წინ კორონავირუსით დაინფიცირდი
- კვლავ რუბინის ბაზაზე ცხოვრობ?
დიახ, რა თქმა უნდა. ბაზაზე ცხოვრება გაცილებით უკეთესია და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბინის დაქირავების შემთხვევაში, უამრავ დროს დავკარგავდი.
- თუმცა, ზოგჯერ ფეხბურთისგანაც უნდა დაისვენო...
მეგობრებთან ერთად ჰოკეის ან კალათბურთის საყურებლად დავდივარ. მეგობრები ჩემი თანაგუნდელები არიან. თანაგუნდელების გარდა, ყაზანში თითქმის არ მყავს მეგობრები. როდესაც გუნდში თარჯიმანი (ზაზა) მუშაობდა, მასთან ერთად რესტორანში ხშირად დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს რეალური დასვენების უფლებას, მხოლოდ სამატჩო პაუზების დროს ვაძლევ. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული.
- ჰოკეის მატჩს დასწრებიხარ?
„აკ ბარსის“ მატჩს ერთხელ დავესწარი. შაიბას ვერ ვხედავდი და პირველი პერიოდის დასრულების შემდეგ წამოვედი. იმ დროისათვის ყაზანელები უკვე 3:0 იგებდნენ და მატჩი უინტერესო გახდა. გუნდში ბევრს უყვარს ჰოკეი და მატჩებზე ხშირად დადიან.
- ჰოკეი პირველად იმ მატჩზე ნახე?
დიახ, ჰოკეის საქართველოში თითქმის არ აქცევენ ყურადღებას. საქართველოში ყინულის მოედანი არასდროს მინახავს.
- „უნიქსის“ მატჩებს ესწრები?
ძალიან მინდა „მონაკოს“ წინააღმდეგ გასამართ ევროპის თასის ფინალს დავესწრო. სამწუხაროდ, მათი მატჩები ჩვენს გასვლით შეხვედრებს ხშირად ემთხვევა. ამიტომ ხშირად დასწრებას ვერ ვახერხებ.
- ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა?
დიახ, რა თქმა უნდა! რაგბი და კალათბურთიც ძალიან უყვართ და ჩოგბურთსაც დიდ ყურადღებას უთმობენ.
- საქართველოში როგორ ისვენებ/ერთობი?
მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. საქართველოში ყველაფერი გვაქვს. ზღვაზე გსურს წასვლა? - რატომაც არა, ბათუმი. შესაძლოა მომავალში საზღვარგარეთ ვიმოგზაურო, მაგრამ ახლა საქართველოში ყოფნას ვანიჭებ უპირატესობას. კორონავირუსის გამო, წელს ოჯახთან ძალიან ცოტა დრო გავატარე, ამიტომ მირჩევნია საქართველოში ახლობლებთან ვიყო, ვიდრე საზღვარგარეთ ვიმოგზაურო.
- როდის ჩამოვიდნენ შენი მშობლები უკანასკნელად ყაზანში?
კარანტინის დაწყებამდე. ახლა სახლში იმყოფებიან. კორონავირუსთან ბრძოლაში უმჯობესია სახლში იყვნენ, იქ ყველაფერი გაუმარტივდებათ.
- შენ უკვე გადაიტანე კოვიდ 19?
დიახ, მაშინ საქართველოში ვიყავი. ვიჯექი და კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი. საკუთარ სახლში ვცხოვრობდი, იმ დროისათვის იქ არავინ იყო. 2 დღის განმავლობაში მქონდა სიცხე 37.2, 37.4 სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობდი. კორონავირუსით მაკედონიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე დავინფიცირდი - სამწუხაროდ იმ მატჩის გამოტოვება მომიხდა.
- იმ განსაკუთრებულ შეხვედრაში, ალბათ ნაკრებს შენ ყველაზე მეტად აკლდი?
არ ვიცი, თუმცა მთელი საქართველო ამაზე წუხდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი რეალური შანსი არასდროს გვქონია. არ ვიცი კიდევ როდის გვექნება ამის შესაძლებლობა.
სლუცკის შესახებ ვიდეოთამაშიდან იცოდა
- 2019 წელს, „რუბინში“ მოულოდნელად აღმოჩნდი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შენს მაგივრად გადაწყვიტეს. ეს სიმართლეა?
არა, ყველაფერი აგენტთან ერთად გადავწყვიტეთ. ყველაფერი განვიხილეთ. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ „რუბინი“ ძლიერი გუნდია. ყოფილ ფეხბურთელებს ვესუბრე, ინფორმაცია მოვიძიე და საბოლოოდ, აგენტთან ერთად მივიღე ეს გადაწყვეტილება.
- „ლოკომოტივში“ მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარე, თუმცა სიომინთან მუშაობა მოასწარი. რა გამოცდილება მიიღე?
ჩვენ კვლავ შესანიშნავი ურთიერტობა გვაქვს. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მოედანზე და მის მიღმაც უამრავი რამ მასწავლა. რაიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება. ფეხბურთზე, რომ ვკონცენტრირდე სიომინმა გუნდური თამაშის გაგების მხრივ ბევრი რამ მასწავლა. შემიძლია გითხრათ, რომ მასთან პირადად ძალიან ბევრს ვსაუბრობდი.
- ახლა სლუცკისთან მუშაობ. მისი გუნდში მოსვლის შემდეგ, ლიდერი გახდი. შეიძლება ითქვას, რომ სლუცკი შენთვის სამაგალითო მწვრთნელია?
რა თქმა უნდა გუნდში მისი მოსვლა ჩემთის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა. რომან შაროვის დროს, პრაქტიკულად არ ვთამაშობდი, რადგან ის თვლიდა, რომ მზად არ ვიყავი. ხდება ხოლმე, ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს. სლუცკი მოვიდა, მომცა შანსი და მივიჩნევ, რომ ის სრულფასოვნად გამოვიყენე. რა თქმა უნდა იმით, რაც სლუცკის მოსვლამდე ხდებოდა უკმაყოფილო ვარ. ყველა ფეხბურთელს სურს მეტი სათამაშო დროის მიღება. მე ვარჯიშზე 100%-ით კონცენტრირებული ვიყავი და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სლუცკიმ ეს უმალ შეამჩნია და დააფასა.
- შარონოვის დროს, იყო საუბარი სათამაშო დროის სიმცირეზე?
როდესაც სეზონი დაიწყო, ცოტას ვთამაშობდი. თუმცა 1-2 თვის შემდეგი, ძირითადი შემადგენლობიდან ამოვვარდი და სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე. რა თქმა უნდა მწვრთნელს ამის შესახებ ვკითხე. თუმცე მეორე შემთხვევის შემდეგ, მსგავსი კითხვები აღარ დამისვამს. ამ საუბრებიდან რაიმე კონკრეტული არ მახსოვს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: შრონოვს მადლობას ვუხდი, რომ ჩემში ბრძოლისუნარიანობის სურვილი გააჩინა. ამის წყალობით თავდაუზოგავ შრომას მივეჩვიე. ამისთვის ღირს მისთვის მადლობის თქმა.
- ამბობენ, შარონოვი სლუცკისგან განსხვავებით, ფეხბურთელებთან დისტანციას იჭერდა.
სლუცკის ყველასთან შესანიშნავი, მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შარონოვს განსაკუთრებული დისტანცია ეჭირა და დაახლოების საშუალებას არ გვაძლევდა. ის ასევე იყო ძალიან მეგობრული.
სრული კონცენტრაცია „რუბინის“ მომდევნო მატჩებზე
ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენით ევროპული კლუბები ინტერესდებიან. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად „მოგვპარავენ“. თავად შენ რომელ კლუბში გსურს თამაში?
ბავშვობიდან მადრიდის „რეალს“ ვგულშემატკივრობ. უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა რომელიმე კლუბში გადასვლა მსურს.
რედაქციაში უკვე ვფიქრობთ რუბრიკის შექმნაზე - კლუბი, რომელიც ხვიჩას შეძენით ჯერ არ დაინტერესებულა. ასეთი კლუბების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მსგავს სიახლეებზე როგორ რეაგირებ?
სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ ვფიქრობ. ამ წუთისათვის, მხოლოდ „რუბინის“ მომდევნო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. თითოეული მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება უახლოეს მომავალში. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს. ზოგჯერ გასახდელში თანაგუნდელები საუბრობენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
რონალდუ თუ მესი?
რონალდუ! მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ის საუკეთესოა - ევგარეშეა უპირველესი და წარმოუდგენელია არ მოგწონდეს, ის რასაც მესი აკეთებს, მაგრამ რონალდუ საუკეთესო სპორტსმენია. ვფიქრობ, მათი შედარება არაკორექტულია, რადგანაც ორივე მათგანი საუკეთესოა. ორივე უმარლეს დონეზე ასპარეზობს - განსხვავებულად, მაგრამ უმაღლეს დონეზე. მე რონალდუ უფრო მომწონს.
რონალდუსა და მესის შემდეგ, ვინ არის მესამე?
იყო ნეიმარი, შემდეგ კი მბაპე. ის ძალიან მალე დაიწყებს „ოქროს ბურთების“ მოგებას.
აკვირდები თუ არა მათ რომელიმე ელემენტს, ან ფინტს?
რა თქმა უნდა ვცდილობ თითოეული მათგანის თამაშს ვუყურო და რაღაც დავიმახსოვრო. სწორედ ასეთი დონის ფეხბურთელებისგან უნდა ისწავლო. მბაპეს გოლი „ბაიერნის“ კარში კარგად დამამახსოვრდა. როგორ გაუძვრინა მეკარეს ბურთი ფეხებს შორის. მას ზუსტად ასეთი დარტყმის შესრულება უნდოდა და შეასრულა კიდეც. ყოველთვის სწავლაზე უნდა ფიქრობდე. თუ ხედავ, რომ რომელიმე ფეხბურთელს რაღაც პროფესიონალური ელემენტი აქვს განვითარებული - რატომ არ უნდა გადმოიტანო შენს შეიარაღებაში და გამოიყენო მატჩში?
როდესაც შეტევაზე მიდიხარ, წინასწარ გაქვს განსაზღვრული შენი ქმედებები თუ ინტუიციას ენდობი?
ალბათ უფრო ინტუიციას, რადგანაც ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო რა შეიძლება მოხდეს და მოიგონო შესაბამისი ფინტი. მატჩის მსვლელობის დროს, ეს ყველაფერი თავისით ხდება.