"კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს - კლუბი მის შემცვლელს აკვირდება" - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - პაოლო ბარჯიჯა, "ნაპოლის" სუპერვარსკვლავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" დატოვებენ.
ბარჯიჯას მტკიცებით, "ნაპოლი" კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე აკვირდება. აღნიშნული განცხადება ბარჯიჯამ გადაცემა 7 Gold-ში სტუმრობისას გააკეთა.
პაოლო ბარჯიჯა: "რამდენადაც ვხედავ, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარი უჩვეულოა და ხშირად სიურპრიზებს ვაწყდებით. ჩემი აზრით ნიგერიელი სხვა კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას. იგივე მოხდება კვარაცხელიას შემთხვევაშიც. ქართველი შემტევი "ნაპოლის" დატოვებს. ახლა არა, მაგრამ - მომავალ წელს. "ნაპოლი" იასპერ კარლსონს აკვირდება. "ალკმაარის" ფეხბურთელი კვარაცხელიას შემცვლელად განიხილება. ის მარცხენა ფრთაზე თამაშობს - ისევე, როგორც რუდი გარსიას კლუბის ამჟამინდელი ვარსკვლავი".
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა, მასსა და კლუბს შორის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.