Belive

კვარაცხელია: ,,მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე მომიწევს თამაში''

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მისი გუნდის შანსები შეაფასა:

,,სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა. მათ უპირატესობა აქვთ, ამიტომ ხვალინდელი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა, რადგან პირველ მატჩში ლივერპულის წინააღმდეგ ვდომინირებდით, ეს კი მარტივი არ არის. აქ მხოლოდ მოსაგებად ვართ!

პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ. ჩემმა ადაპტაციამ გუნდის დახმარებით კარგად ჩაიარა. ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე მომიწევს თამაში. შემტევი ვარ, მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ და მთავარი სწორედ ეს არის. ვდგები იქ, სადაც მწვრთნელი მთხოვს და დაცვაშიც ყველაფერს ვაკეთებ.

ენფილდი? როცა მოედანზე გადიხარ, ატმოსფეროზე ბევრს არ ფიქრობ და მხოლოდ ფეხბურთზე ხარ კონცენტრირებული.

ლუის ენრიკე და La Remontada (იგივე ქამბექი, სწორედ ასე მოიხსენიებენ ბარსელონას ისტორიულ გამარჯვებას პსჟ-სთან)? ის საკუთარ წარსულზე ბევრ ისტორიას გვიყვება. ჩვენ ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ენრიკე ჩვენი მწვრთნელია და გვეხმარება, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, რეალური შანსი გვაქვს.'' - ხვიჩა კვარაცხელია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' ესტუმრება. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდების პირველი მატჩი ,,მერსისაიდელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები