Belive

კვარაცხელია და ახალი პსჟ | Sky Sport-ის სტატია ქართველი ვარსკვლავის შესახებ

2 კვირის წინ ფეხბურთი
8 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" ლონდონის "არსენალი" ანგარიშით 0:1 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური პასით გაიტანა. სასიხარულოა, რომ კვარას შესანიშნავი მატჩი უყურადღებოდ არ დარჩენილა: ბიქსენტ ლიზარაზუმ ქართველი შემტევის მენტალიტეტს გაუსვა ხაზი, Daily Mail-მა კი მას გენიოსი უწოდა. ასევე, ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა Sky Sport-ზე, რომლის თარგმანსაც მცირედი რედაქტირებით შემოგთავაზებთ.

არც ისე დიდი ხნის წინ, ლუის ენრიკე კილიან მბაპეს უშედეგოდ მოუწოდებდა, რომ ფრანგს დაცვითი ფუნქციებიც შეეთავსებინა. დღეს კი, გუნდში თამაშობს €70 მილიონად შეძენილი ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთელი, რომელმაც ესპანელ სპეციალისტს ეს პრობლემა მოუხსნა.

ქართველმა ფეხბურთელმა საკმარისად დიდი დრო გაატარა "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარზე იმისთვის, რომ მის გუნდს ანგარიში შეენარჩუნებინა. პირველი გოლი მისი: მატჩის მე-4 წუთზე უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. "არსენალის" მცველს, იურიენ ტიმბერს, კვარას შეჩერება ძალიან უჭირდა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე, ტიმბერმა ვინისიუს ჟუნიორის განეიტრალება ეფექტურად შეძლო, თუმცა კვარაცხელიას წინააღმდეგ, საწყის 20 წუთში, 3-ჯერ დაჯარიმდა. "პარი სენ-ჟერმენმა" ნათლად აჩვენა, თუ რატომ განიხილავენ მას ევროპის საუკეთესო გუნდად.

მატჩის მეორე ნახევარში, ტიმბერი მოედნიდან გაიყვანეს. ამ დროს, კვარაცხელია დაცვით ფუნქციებს უფრო მეტად ითავსებდა და ნუნუ მენდეშს ბუკაიო საკასთან გამკლავებაში ეხმარებოდა. კუთხურის ხაზთან, მარტინ ოდეგორს ბურთი მოჰპარა და ცოტა ხნის შემდეგ, საკაც უბურთოდ დატოვა.

შემდეგ, მოედანზე ითან ნვანერი შემოვიდა და კვარაცხელიას წინააღმდეგ მანაც ვერაფერი გააწყო. მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უბურთოდ უკეთესად ითამაშა. საკვირველია, თუმცა ფლანგზე მოთამაშე შემტევმა კვარაცხელიამ, მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ბურთი ყველაზე მეტჯერ მოიპოვა. ამასთან, კვარაცხელიამ ყველაზე მეტი ვარდნაც (6) შეასრულა.

სუპერვარსკვლავი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დევიდ უები მუშაობს. მას ხვიჩა კვარაცხელიასთან ახლო კონტაქტი აქვს. ხვიჩასგან არაფერი უკვირს: "ხშირად ამბობენ, რომ სუპერვარსკვლავები ბევრს არ შრომობენ, მაგრამ ამას კვარაზე ვერ იტყვი", - ამბობს იგი Sky Sports-თან საუბარში.

"ეროვნული ნაკრების შეკრება ხანმოკლეა და ფეხბურთელებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. თუმცა ვარჯიშის შემდეგ, კვარაცხელია კვლავ მინდორზე რჩება და დამატებით ვარჯიშობს. ამის გაკეთებას არავინ სთხოვს - ყველაფერი მისი პირადი სურვილით ხდება".

"ვარჯიშობს საჯარიმო დარტყმების შესრულებაზე, შორეულ დარტყმებზე და ხვეწს ცრუ მოძრაობებს. კვარაცხელია ამით პირველივე დღიდან არის დაკავებული. მისი გაყვანა სავარჯიშო მოედნიდან რთული ამოცანაა. საკუთარ რუტინას დიდ ყურადღებას უთმობს და სჯერა, რომ ეს მონდომება მის სათამაშო ხარისხზე აისახება".

ლუის ენრიკე ამით კმაყოფილია, თუმცა კვარაცხელიას უფრო ღირებულს მისი მოქნილობა ხდის: "არსენალის" წინააღმდეგ, საწყის 30 წუთში, კვარაცხელიამ მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და როდესაც დემბელე მარცხენა ფლანგზე გადავიდა, კვარამ ცენტრალურ ზონაშიც ითამაშა.

"პარი სენ-ჟერმენს გამოკვეთილი 9-იანი არ ჰყავს, ასე რომ, კვარა თავისუფალია და ბურთის სხვადასხვა ზონაში მიღება შეუძლია. ეს მას ძალიან საშიშს ხდის, მისი მოქმედების წინასწარ განსაზღვრა ურთულესია", - თქვა უებმა.

უნიკალური ვინგერი თანამედროვე ფეხბურთში

კვარაცხელიამ დიდი ფეხბურთისკენ უჩვეულო გზა გაიარა. კილიან მბაპემ 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, კვარა კი იმავე ასაკში საქართველოში თამაშობდა.

კვარაცხელია "დინამო თბილისის" შთამბეჭდავი აკადემიის პროდუქტია. მისი ტალანტი ადრეულ ასაკშივე დაინახეს, თუმცა კვარას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც მას ელიტურ ფეხბურთში უნიკალურ ფიგურად აქცევს.

ლონდონში გამართულ მატჩში, მის უნიკალურ, კრეატიულ სათამაშო სტილს შეამჩნევდით. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, დავიდ რაიასთვის ბურთის თავზე გადაგდება 35 მეტრიდან სცადა - ასეთი რამ ბევრ ფეხბურთელს არც კი მოაფიქრდება.

ევრო 2024-ზე, დევიდ უები გარეთ სათგეიტს ესაუბრა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია ძველი სტილის ვინგერებს წააგავს. "ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ვინგერები აღარ არიან. ვისაუბრეთ მის მსგავსებაზე კრის უოდლთან და ჯორჯ ბესტთან", - იხსენებს იგი.

კვარაცხელია კრეატიული ფეხბურთელია, თუმცა თუკი მას უკეთესად დავაკვირდებით, უფრო საინტერესო დეტალებს აღმოვაჩენთ. "მაოცებს მისი ხასიათი, თავმდაბლობა და უმაღლეს მწვერვალზე ასვლის წყურვილი", - ამბობს უები.

"ყოველთვის იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გახდეს უკეთესი ფეხბურთელი. მეტოქეებთან შეხვედრამდე, ნაკრების ტაქტიკურ შეკრებებზე ყოველთვის გონივრულ კითხვებს სვამს. ფეხბურთელების უმრავლესობა ასე არ იქცევა, მაგრამ კვარა ჭკვიანია - ის სწავლობს მეტოქეებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს და მათ წინააღმდეგ თამაშისთვის ფიზიკურად და მენტალურად ემზადება".

სწორედ ამით აიხსნება კვარაცხელიას ასეთი პროგრესი 24 წლის ასაკში. თუმცა იგი მაღალ დონეზე ცოტა ხნის წინაც თამაშობდა - 2 წლის წინ, იგი "ნაპოლის" 33 წლის განმავლობაში პირველი სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა. თუმცა უები იმ ადამიანთა შორისაა, რომელიც კვარაცხელიას პროგრესს საკუთარი თვალით აკვირდება.

მოედანზე საგრძნობლად უკეთესად გადაადგილდება. ახლა ზუსტად იცის, როდის აჩქარდეს, როდის განახორციელოს დრიბლინგი, როდის გააკეთოს მოკლე პასი და როდის ჩააწოდოს საჯარიმოში. იმდენად გონიერია, რომ სწრაფად სწავლობს.

"ანტონიო კონტემ კვარაზე დიდი გავლენა იქონია. მისი დახმარებით, უბურთოდ თამაში უკეთესად ისწავლა და ამის შედეგს ეროვნულ ნაკრებშიც ვხედავთ. ვერ ვიტყვით, რომ გუნდს ადრე არ ეხმარებოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი ენერგიითა და მონდომებით თამაშობს. მჯერა, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწევს".

ტოპ 5 ფეხბურთელი მსოფლიოში

პარი სენ-ჟერმენში რამდენიმე ფეხბურთელი მოიძებნება, რომლებსაც გუნდის სიმბოლო შეგვიძლია ვუწოდოთ. მარკინიოში გუნდში უკვე დიდი ხანია თამაშობს. დემბელე, ბარკოლა და დეზირე დუე იმ ფეხბურთელებს წარმოადგენენ, რომლებიც გუნდს საფრანგეთთან უფრო მეტად აკავშირებენ.

თუმცა გუნდში ახლად მოსული კვარაცხელია (თანაც უცხოელი), "პარი სენ-ჟერმენის" განახლებულ ვერსიას საუკეთესოდ წარმოაჩენს. მისი მოსვლა - დაბალზე დაწეული გეტრებით, სერია A-დან წამოღებული რეპუტაციითა და სატრანსფერო ღირებულებით, ერთი შეხედვით, მორიგ ხმაურიან ტრანსფერს წააგავდა. თუმცა კვარაცხელია გაცილებით მეტად მნიშვნელოვანია.

კვარაცხელია ლუის ენრიკეს ნამდვილი გუნდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ეს არის იშვიათად სწრაფი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც საერთო მიზნის მისაღწევად, ერთად მუშაობისთვის არის მზად.

ჩემი აზრით, მას შეუძლია მსოფლიოში ტოპ 5 მოთამაშეს შორის შევიდეს. ჩემთვის, ის არის ფეხბურთელი, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს. თუმცა თუკი ექსტაორდინალური ხვიჩა კვარაცხელია ასე თამაშს გააგრძელებს, ამდენი ხნის ლოდინი საჭირო არ იქნება", - დაამატა უებმა.

სხვა სტატიები