Belive

"კვარას ნაპოლიზე ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც რონალდოს ინტერზე ჰქონდა" - მორატი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს ეგიდით გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი - მასიმო მორატი, იმ ეფექტის შესახებ საუბრობს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თამაშზე ახდენს.

4 იანვარს, სერია A-ს მეორე წრე ბლოკბასტერით განახლდება, რომელშიც სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი, ამჟამინდელ ლიდერს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" ნანატრ სკუდეტოს, რომელიც უკანასკნელად ათწლეულების წინ მოიგო, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება - "ინტერი" კი ქულათა სხვაობას საგრძნობლად შეამცირებს და სეზონის არც ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, თავდაჯერებულობას განიმტკიცებს.

რადიო "Punto Nuovo"-სთან საუბარში, მასიმო მორატი საინტერესო თემებს შეეხო.

"მატჩი "ინტერისათვის" უფრო დიდ დატვირთვას ატარებს. "ინტერისთვის" მოგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ნაპოლისთვის". მოგება ჩვენთვის მაღლობის გადალახვის ტოლფასი იქნება, რაც მიმდინარე სეზონში უმნიშვნელოვანესია.

მოწინააღმდეგე წნეხშია მოქცეული, რადგან ყველას სურს დააკვირდეს შეინარჩუნა თუ არა "ნაპოლიმ" ის სისწრაფე და სიძლიერე, რომელიც გუნდს პირველ წრეში ჰქონდა. "ინტერის" ერთადერთ წნეხს სკუდეტოსათვის ბრძოლა წარმოადგენს - მარცხი საჩემპიონო რბოლაში დიდ დარტყმას მოგვაყენებს".

"ინტერისა" და "ნაპოლის" შესახებ საუბრის დასრულების შემდეგ, მორატიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეგენდარული რონალდოს შესახებ ისაუბრა.

"ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ თამაშზე იდენტურ გავლენას ახდენენ. შეიძლება ითქვას, რომ რონალდო "ინტერში" უკვე შემდგარი ვარსკვლავის სტატუსით მოვიდა, რომლისგანაც თავიდანვე ბევრს ელოდნენ. ქართველს ისეთივე ბრწყინვალე კარიერასა და აფეთქებას ვუსურვებ, როგორიც რონალდოს ჰქონდა. მისი ტალანტითა და ნიჭით, კვარაცხელია "ნაპოლის" წარმატებაში უდიდეს წვლილს შეიტანს", - მასიმო მორატი.

სხვა სტატიები