კრიშტიანუ რონალდუ: "ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია"
ევრო 2024-ის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, პორტუგალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში დაამარცხა სლოვენია და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი სლოვენიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ნიშნულთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და ობლაკმა აჯობა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ეპიზოდი მძიმედ განიცადა, თუმცა პენალტების სერიაში დიეგუ კოშტამ ზედიზედ სამი პენალტის მოგერიება მოახერხა და პორტუგალია შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდუმ შეხვედრა შეაფასა.
კარიერის განმავლობაში 200-ზე მეტი პენალტი დამირტყამს და ეს არასდროს არის მარტივი. ამ სეზონში უკვე დავმარცხდი 2 პენალტების სერიაში და ამის გადატანა მომიხდა, თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია, თუმცა ამაზე არ ვღელავ. ყველაზე მეტად მაინტერესებს თამაშისადმი გატაცება, ენთუზიაზმი, რომელსაც ვხედავ გულშემატკივრებში, ჩემს ოჯახში, ხალხის ვნება და მათი თბილი გრძნობები ჩემ მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანია.
რატომ სჭირდება კრიშტიანუს უფრო მეტის მოგება და რამის დამტკიცება? ეს არაფერს ცვლის. 20 წელი გავატარე ნაკრებში და ხალხის გახარება, ჩემი ოჯახი, შვილები - ეს არის ის, რაც მაძლევს ყველაზე მეტად მოტივაციას - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის შეხვედრა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში შედგა და მაშინ ჩემპიონობა პორტუგალიამ იზეიმა. დამატებით დროში ედერის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი იყო იმ შეხვედრაში. კრიშტიანუმ ტრავმა მატჩის დასაწყისში მიიღო და გუნდს მწვრთნელთან ერთად, სათადარიგოთა სკამიდან აძლევდა რჩევებს.