მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება.
უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი: პაველ რაჩკოვსკიმთავარი არბიტრის ასისტენტები: რადოსლავ სიეკა, ადამ კუპსიკიVAR-ის არბიტრები: ტომაშ კვიატოვსკი, კრჟიშტოფ იაკუბიკი
საინტერესოა, რომ მთავარ მსაჯს, რომელიც 38 წლისაა და უმაღლეს დონეზე 2010 წლიდან მუშაობს, აქამნდე ქართულ ფეხბურთთან შეხება ორჯერ ჰქონდა.
პირველად ეს 2013 წელს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში მოხდა, როცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიდერლანდელ თანატოლებთან დიდი ანგარიშით - 0:6 წააგო. იმ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრებში ამჟამად გამოძახებულმა შემდეგმა ფეხბურთელებმა, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი ქვილითაიამ მიიღეს, ასევე ითამაშეს იმ ფეხბურთელებმაც, ვინც ეროვნული გუნდის განაცხადში ბოლო პერიოდშიც მოხვედრილა და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია: გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია, გიორგი ჭანტურია, ლაშა პარუნაშვილი, მამუკა კობახიძე და გიორგი პაპავა. ამ მატჩში მსაჯმა ნიკა კვეკვესკირი მოედნიდან გააძევვა, ხოლო ლაშა პარუნაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა.
მეორედ, პოლონელი რეფერი 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას მოემსახურა, რომელშიც "დინამო თბილისმა", დინამო არენაზე ყაზახურ "აქტობესთან" - 0:1 წააგო. იქ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან გიორგი ლორიამ ითამაშა, ასევე ეროვნული გუნდისთვის კარგად ნაცნობმა სხვა სახეებმაც: გიორგი მერებაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ირაკლი ძარია, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე და ომარ მიგინეიშვილი. ქართული გუნდის მხრიდან იმ მატჩში ერთადერთი გაფრთხილება ჩეხმა ცენტრალურმა მცველმა, რადეკ დოსოუდლიმ მიიღო.