Belive

კლოპი: "თუკი MU-ს ქომაგები მატჩს ჩაშლიან, 3 ქულა უნდა მივიღოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შეფასებით, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები პრინციპული მატჩის ჩაშლას კვლავ შეეცდებიან, მერსისაიდული გუნდის ანგარიშს 3 ქულა ავტომატურად უნდა დაემატოს. მის უჩვეულო განცხადებას გარკვეული საფუძველი ნამდვილად გააჩნია. გასულ სეზონში, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივარის გამო გადაიდო: MU-ს ქომაგებმა გლეიზერების ოჯახის არაეფექტიანი მმართველობა გააპროტესტეს. სეზონის დაუჯერებლად ცუდი სტარტიდან გამომდინარე (2 მატჩი, 0 ქულა, 1 გოლი - მეტოქის ავტოგოლით), "წითელი ეშმაკების" ქომაგების მხრიდან საპროტესტო ქმედებები მოსალოდნელია. "მანჩესტერის" ქომაგი თვლის, რომ გუნდი მდიდარი ფინანსისტების, ავრამ და ჯოელ გლეიზერების ხელშია, რომლებიც გუნდის დაღმასვლას მშვიდად უყურებენ. "ბრაიტონთან" და "ბრენტფორდთან" 2 მარცხის შემდეგ, გულშემატკივარი გლეიზერების წასვლას კიდევ უფრო აქტიურად ითხოვს. იურგენ კლოპის შეფასებით, "მანჩესტერელთა" პრობლემები მისი საქმე საერთოდ არაა და სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივარის გამო, "ლივერპულის" კალენდარზე ცვლილებები არ უნდა აისახოს.
“არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერი გვესაქმება. იმედი მაქვს, არაფერი მოხდება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ 3 ქულა უნდა მივიღოთ. თუკი გულშემატკივარს სურს, რომ მატჩი არ ჩატარდეს, მაშინ ისედაც ურთულეს, გადატვირთულ კალენდარში, ცვლილებებს ვერ შევიტანთ", - თქვა მერსისაიდელთა ხელმძღვანელმა.
ცნობილია, რომ მანჩესტერის პოლიციას უსაფრთოების დამატებითი ზომები ჯერ არ მიუღია.

The 1958: MU-ს იატაკქვეშა დაჯგუფება

The 1958 წარმოადგენს MU-ს ქომაგების გაერთიანებას რომელსაც საკუთარ აღწერილობაში შემდეგი რამ უწერია: "იატაკქვეშა ჯგუფი, რომლის მიზანია მანჩესტერ იუნაიტედის ღირებულებების, კულტურისა და ტრადიციების წინ წამოწევა". ცნობილია, რომ მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, The 1958 საპროტესტო აქციას გეგმავს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი და კლუბის მფლობელებს გულშემატკივრების ემოციების გათელვის უფლებას არ მივცემთ. ისინი მცდარ გზაზე დგანან, ანგრევენ დიდი კლუბის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციას. The 1958 განზე ვერ დადგება - ჩვენი ერთადერთ მიზანს კლუბის სათავეში სათანადო ადამიანების ყოფნა წარმოადგენს, რომლებიც მთლიანად საფეხბურთო წარმატებაზე იქნებიან ორიენტირებულები. შემოგვიერთდით, რათა ყველამ ნახოს, რომ გლეიზერების ატანას აღარ ვაპირებთ", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები