Belive

კლოპი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში წამყვანი მოთამაშეები გუნდს მაინც არ დატოვებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპული" საკუთარ თავს არ ჰგავს. კლოპის გუნდს სიტუაციის სასწრაფოდ გაუმჯობესება ესაჭიროება. მერსისაიდელებმა ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგეს და 27 მატჩის შემდეგ 43 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგაში ბოლო 5 საშინაო მატჩი წააგო, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. ლონდონის "ჩელსისთან" წაგებული მატჩის შემდეგ, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება და თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გარეშე დარჩეს. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლის საფრთხეზე დაუსვეს კითხვა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:   
"ვიცი, რომ მოთამაშეები ერთგულები არიან. ახლა ის ვითარება არ არის, რომ მოთამაშე მეუბნებოდეს: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიასპარეზებთ და ამიტომ უნდა წავიდე". ეს არ მოხდება, რადგან მე მათ კარგად ვიცნობ და გუნდში სულ სხვა ვითარებაა". " ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვამბობდით, რომ ისეთი მოთამაშე, რომელსაც გუნდში მოსვლა მხოლოდ იმტომ არ სურს, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ, არც ჩვენ გვჭირდება". " არც ის მოთამაშე გვჭირდება, რომელიც გუნდიდან წასვლას ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის გამო გადაწყვეტს".
საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად "ლივერპულს" სერიოზული მუშაობა დასჭირდება. კონკურენციის გათვალისწინებით კლოპის გუნდმა ქულების დაკარგვა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. შემდეგ შეხვედრას პრემიერ ლიგაში "წითლები" ფულემის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები