კიკე სეტიენი: ,,ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც იქნებოდა''
,,ვილიარეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, განაცხადა, რომ ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:
,,რა თქმა უნდა, მესის გამო ბედნიერი ვარ. სამართლიანია, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. არგენტინა ყველაზე შეკრული გუნდი იყო, მათ სხვებზე მეტი გააკეთეს.
ეს ტრიუმფი არგენტინისთვისა და მესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, პირადად ჩემთვის, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს უკვე არაერთხელ მითქვამს. მან ზედიზედ 15 წლის განმავლობაში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა,'' - სეტიენის სიტყვებს Cadena SER-ი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.