კიდევ ერთი აზიური ინტერესი პრემიერ ლიგაში: კატარელები ტოტენჰემის შეძენას ცდილობენ
ბრიტანული მედია საშუალება The Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის "ტოტენჰემის" შეძენა კატარელ ინვესტორთა ჯგუფს სურს.
კატარელი ინვესტორების ვინაობა უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ისინი კერძო პირები არიან და არა Qatar Sports Investment-ის (QSI) სახელმწიფო სტრუქტურა ან შეიხი ჯასიმი, რომელიც რამდენიმე წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას ცდილობდა. თავის მხრივ, ლონდონელები ამტკიცებენ, რომ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს.
შეძენის შემთხვევაში, ინვესტორთა გაერთიანება მზადაა, კლუბის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, დანიელ ლევის შესთავაზოს გრძელვადიანი კონტრაქტი, რათა მან ლონდონური გუნდის მართვა აღმასრულებელი დირექტორის რანგში გააგრძელოს. ინვესტორები დაინტერესებულნი არიან მისი გამოცდილების შენარჩუნებით.
ერთ-ერთი განხილული მოდელის მიხედვით, ლევის ისეთ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელიც ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია Enic, რომელიც "სპურსის" აქციების 86,91%-ს ფლობს, ნაკლებმნიშვნელოვანი აქციონერი გახდება.
"ტოტენჰემი" 1882 წელს დაარსდა და ორჯერ ინგლისის ჩემპიონი, 8-ჯერ საფეხბურთო ასოციაციის თასის გამარჯვებული, 4 ლიგის თასისა და 7 სუპერ თასის მფლობელი, ევროპაში კი თასების მფლობელთა თასისა და ორჯერ ევროპა ლიგის (იმ დროს უეფას თასის) ჩემპიონი გახდა.