ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - დავით მუჯირმა გააკეთა.
,,როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.
21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.
23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.
სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია.“ - დავით მუჯირი
gff.ge